რუსეთ-უკრაინის 2022-25 წლის ომი

40 დემოკრატი კონგრესმენი ტრამპს უკრაინის სამხედრო დახმარების გაგრძელებისკენ მოუწოდებს

REUTERS/Tom Brenner/File Photo

აშშ-ს 40 დემოკრატი კონგრესმენი პრეზიდენტ დონალდ ტრამპს წერილში მოუწოდებს, გააგრძელოს შეიარაღებით უკრაინის დახმარება. კონგრესმენების წერილს ვაშინგტონში მომუშავე კორესპონდენტი, ალექს რაუფოღლუ ავრცელებს.

"უკრაინაში ომის დამთავრების საუკეთესო გზა უკრაინის შეიარაღებით მხარდაჭერაა და არა - რუსეთისთვის, მისი მარიონეტებისა და სატელიტი სახელმწიფოებისთვის, და მსოფლიოში დიქტატორებისთვის დახმარება და კომფორტის შექმნა". - წერენ კონგრესმენები.

დემოკრატი კონგრესმენების თქმით, უკრაინაში რუსეთის შეჭრის არ დაგმობა აშშ-ს ეროვნულ უსაფრთხოებას ასუსტებს და ახალისებს პუტინის მცდელობებს, გააუქმოს უკრაინის არსებობის უფლება.

ცნობისთვის, ბოლო პერიოდში აშშ-მ საერთაშორისო ორგანიზაციებსა და გლობალურ ინსტიტუტებში თავი შეიკავა განცხადებებში უკრაინაში შეჭრასთან დაკავშირებით რუსეთის საწინააღმდეგო განცხადებების გაკეთებისგან.

გამოცემა Financial Times-ის ინფორმაციით, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრიდან მესამე წლისთავთან დაკავშირებით დიდი შვიდეულის განცხადებაში აშშ-მ უარი თქვა რუსეთის აგრესორად მოხსენიებაზე. ამასთანავე, აშშ-მ გაეროში მხარი არ დაუჭირა უკრაინის რეზოლუცია, რომელიც ქვეყნიდან რუსული ჯარის გასვლას მოითხოვს. ხოლო Reuters-ის ინფორმაციით, აშშ-მ თავი შეიკავა მხარი დაეჭირა მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წევრი სახელმწიფოების განცხადებისთვის, რომელიც უკრაინაში რუსეთის აგრესიას გმობს.

აღნიშნული გადაწყვეტილებები აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ გამოცემა Breitbart-თან საუბრისას იმით განმარტა, რომ ამერიკას არ სურდა ისეთი რეზოლუციის მიღება, რომელიც რომელიმე მხარის მიმართ ანტაგონისტური ხასიათის იყო. რუბიომ კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა, რომ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიზანი ომის მალე დასრულებაა.

"შეგიძლიათ წაიკითხოთ ბოლო სამი წლის სიახლეები და ნახოთ, რა მოხდა უკრაინაში. ახლა, როგორც პრეზიდენტმა ტრამპმა თქვა, მას სურს ამ ომის დასრულება. ის ფიქრობს, რომ ზედმეტად ბევრი ადამიანი დაიღუპა და უნდა რომ ეს დასრულდეს. შესაბამისად, ვფიქრობდით, რომ ხელსაყრელი არ იყო გაეროში ისეთი რაღაცის გაკეთება, რაც რაც რომელიმე მხარის მიმართ ანტაგონისტური ხასიათისაა. ჩვენ ვცდილობთ ისინი მაგიდასთან დავსვათ. სამწუხაროდ, უკრაინა არ დაგვეთანხმა". – ამბობს რუბიო.

დემოკრატი კონგრესმენების თქმით, "როდესაც აშშ ხმას აძლევს ბელარუსთან - რუსეთის მარიონეტ სახელმწიფოსთან - და ჩრდილოეთ კორეასთან - ვერშემდგარ, მტრულ, ბირთვული იარაღით აღჭურვილ გარიყულ ქვეყანასთან - ერთად ისეთი ქვეყნების წინააღმდეგ, როგორებიცაა ირლანდია და ავსტრალია, ეს დამაზიანებელ სიგნალს გზავნის".

"კონგრესი თქვენთან ერთად იმუშავებს ორპარტიული და დიდძალი გზით, თუკი თქვენ გააგრძელებთ და გააღრმავებთ უკრაინისადმი მხარდაჭერას, გააძლიერებთ ჩვენს ეროვნულ უსაფრთხოებას და აიძულებთ რუსეთს, დაამთავროს აგრესიის ომი, მათ შორის იმის უზრუნველყოფით, რომ ნებისმიერი მოლაპარაკების შედეგი სამართლიანი, გრძელვადიანი მშვიდობა იყოს და არ მოხდეს ძალით ტერიტორიის აღების დაჯილდოება". - წერენ დემოკრატი კონგრესმენები ტრამპისადმი მიმართვაში.

კომენტარები