ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკომ აშშ რუსეთსა და ჩინეთს შორის განხეთქილების დათესვის მცდელობაში დაადანაშაულა.
"მეჩვენება, რომ ისინი ცდილობენ, რუსები ჩინელებთან დააპირისპირონ. რუსებმა ეს არ უნდა დაუშვან". - Moscow Times-ის ცნობით, ნათქვამია ბელარუსის პრეზიდენტის ოფისის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ლუკაშენკომ ასევე დაამატა, რომ რუსეთ-უკრაინის ომის გადაწყვეტის ნებისმიერი გზა ბელარუსზე სხვადასხვა გავლენას იქონიებს და თქვა, რომ სამშვიდობო შეთანხმება "სავარაუდოდ, რაღაც საკითხებში, სარგებელს მოგვიტანს, თუმცა სხვა საკითხებში, ნაკლებად".
"თუ ყველა ეს უცხოური კომპანიები დაბრუნდებიან, ჯერ ამერიკული და შემდეგ სხვა, ევროპული, არ იქნება მარტივი, რომ ჩვენს ბაზარზე მათ კონკურენცია გავუწიოთ. თუმცა ყველას სჭირდება საკვები". - აღნიშNა ლუკაშენკომ.
ბელარუსი, რომელის მსოფლიოში სასუქების ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი მწარმოებელია, 2020 წლამდე ევროკავშირის საკვანძო მომმარაგებელი იყო.
ვინაიდან ლუკაშენკომ რუსეთს ნება დართო, 2022 წლის თებერვალში ბელარუსის ტერიტორია გამოეყენებინა უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრისთვის, ბელარუსს მძიმე სანქციები დაუწესა დასავლეთმა.
თუმცა დასავლური სანქციები ლუკაშენკოს ბელარუსს თავდაპირველად 2020 წელს დაუწესდა, როდესაც რეჟიმმა საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები გააყალბა ანტისამთავრობო საპროტესტო აქციები სასტიკად დაარბია.





