რესპუბლიკელმა სენატორებმა კონგრესში კანონპროექტი წარადგინეს, რომელიც გაერთიანებული ერების ორგანიზაციიდან აშშ-ს გამოსვლას გულისხმობს. როგორც ამერიკული გამოცემა Fox News წერს, კანონპროექტის მხარდამჭერი სენატორები ფიქრობენ, რომ საერთაშორისო ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებათა ორგანიზაცია ვერ უწყობს ხელს ამერიკულ ინტერესებს და ვერ ჯდება აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპის "ამერიკა პირველ რიგში" დღის წესრიგში.
კანონპროექტი, სახელად გაეროს ფიასკოდან სრულად გამოთიშვის აქტი, რომლის დამტკიცების შემთხვევაში გაეროდან აშშ და მასთან დაკავშირებული ორგანოები სრულად გამოვლენ, რესპუბლიკელმა სენატორმა მაიკ ლიმ დაარეგისტრირა.
ერთ-ერთი რესპუბლიკელი კონგრესმენი, ჩიპ როი კანონპროექტის წარმომადგენელთა პალატაში წარდგენასაც აპირებს.
"გაერო დეგრადირდა, როგორც პლატფორმა ტირანებისთვის და ადგილი ამერიკასა და მის მოკავშირეებზე თავდასხმისთვის. ჩვენ უნდა შევწყვიტოთ მისთვის ფულის გადახდა. მაშინ, როდესაც პრეზიდენტი ტრამპი სრულიად ცვლის ჩვენს საგარეო პოლიტიკას ამერიკის პირველ ადგილზე დაყენებით, ჩვენ უნდა გამოვიდეთ ამ ცრუ ორგანიზაციიდან და პრიორიტეტი მივანიჭოთ ნამდვილ ალიანსებს, რომლებიც ეხმარებიან ჩვენ ქვეყანას უსაფრთხოებისა და სიმდიდრის შენარჩუნებაში". - თქვა როიმ.
აშშ გაეროს ყველა სხვა ქვეყანაზე მეტს უხდის. Fox-ის ცნობით, 2022 წელს აშშ-მ გაეროს 18 მილიარდ დოლარზე მეტი გადაუხადა, რამაც გაეროს მთლიანი ბიუჯეტის მესამედი შეადგინა.
"რაც მიაღწია გაერომ? მიუხედავად ამდენი ფულისა და ყურადღებისა, ეს კორუმპირებული, გლობალისტური ორგანიზაცია, ათწლეულებია, ვერ ახერხებს ომების, გენოციდების, ადამიანის უფლებათა დარღვევების და პანდემიების თავიდან აცილებასაც კი". - დაამატა რესპუბლიკელმა კონგრესმენმა Fox-თან საუბრისას.
ცნობისთვის, 4 თებერვალს აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა აღმასრულებელ ბრძანებას, რომელიც გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს (UNHRC) დატოვებას, გაეროს პალესტინელი ლტოლვილების დახმარების სააგენტოსთვის (UNRWA) დაფინანსების შეჩერების გახანგრძლივებასა და გაეროს განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაციაში (UNESCO) მონაწილეობის გადახედვას ითვალისწინებდა.
ტრამპის ახალი ბრძანებით, აშშ-მ გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭო დატოვა, UNRWA-სთვის დაფინანსების შეჩერება გაახანგრძლივა და UNCESCO-ში მონაწილეობის გადახედვა გამოაცხადა.
"ყოველთვის მიმაჩნდა, რომ გაეროს უზარმაზარი პოტენციალი აქვს. ამჟამად ის ამ პოტენციალს არ ამართლებს. დიდი ხანია, ასეა". - თქვა ტრამპმა ბრძანების ხელმოწერისას.
პარალელურად, 4 თებერვალს, დონალდ ტრამპს ისრაელის პრემიერმინისტრი, ბენიამინ ნეთანიაჰუ შეხვდა, რომელიც UNHRC-ს "უტიფარ ანტი-ისრაელურ აკვიატებაში", ხოლო UNRWA-ს "ისრაელის წინააღმდეგ ტერორისტულ აქტივობებში" ჩართულობაში ადანაშაულებდა
ტრამპის პირველი ვადის ადმინისტრაციამ გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტი ასევე დატოვა და UNRWA-სთვის ასევე გააუქმა დაფინანსება. გარდა ამისა, 2019 წელს ისრაელმა და აშშ-მ UNESCO ისრაელის საზღვრებში "ებრაული ისტორიის" წაშლის ბრალდებით დატოვეს.
მოგვიანებით, ბაიდენის ადმინისტრაცია UNHRC-სა და UNESCO-ში ხელახლა გაწევრიანდა და UNRWA-ს დაფინანსება აღუდგინა. თუმცა, საბოლოოდ, გასულ წელს UNRWA-ს დაფინანსება შეაჩერა, მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა ორგანიზაციის თანამშრომლების 7 ოქტომბრის თავდასხმაში სავარაუდო მონაწილეობის შესახებ. ამის შემდეგ აშშ-ში მიიღეს კანონი, რომელიც UNRWA-სთვის დაფინანსების შეჩერებას მიმდინარე წლის მარტამდე ითვალისწინებდა.





