ჰამასის ტერორისტული დაჯგუფება აცხადებს, რომ მზადაა დარჩენილი ტყვეები ერთიანად გაათავისუფლოს პალესტინელი პატიმრების გადაცემის სანაცვლოდ.
დაჯგუფების განცხადებით, მძევლების გათავისუფლება ცეცხლის შეწყვეტის მეორე ფაზაში მოხდება, რის შემდეგაც ისრაელის ძალებმა ღაზას სექტორი უნდა დატოვონ.
ჰამასის სპიკერის ჰაზემ კასემმა Telegram-ზე დაწერა, რომ ჯგუფი არ დათანხმდება არც ღაზას სექტორის დატოვებას და არც განიარაღებას. კასემის თქმით, ნებისმიერი შეთანხმება ღაზას მომავალთან დაკავშირებით ეროვნულ კონსენსუსზე იქნება დაფუძნებული.
17 თებერვალს დაჯგუფებამ განაცხადა, რომ შაბათს ექვს ტყვეს გაათავისუფლებენ, ნაცვლად იმისა, რომ ეს მომდევნო ორი კვირის განმავლობაში მომხდარიყო. კასემის განცხადებით, ეს გადაწყვეტილება შუამავლის მოთხოვნის საპასუხოდ მიიღეს.
ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა, გიდეონ საარმა განაცხადა, რომ მომდევნო დღეებში დაიწყება მოლაპარაკებები ექვსკვირიანი საწყისი ზავის გაგრძელებისა და ჰამასის ტყვეობაში დანარჩენი მძევლების გათავისუფლებაზე.
მანამდე, საზოგადოებრივი მაუწყებლის, KAN-ის ინფორმაციით, ჰამასმა ისრაელს ცეცხლის შეწყვეტის მეორე ფაზაში ყველა მძევლის ერთდროული გათავისუფლება შესთავაზა.
პირველი ფაზის დასრულების შემდეგ, ჰამასის ტყვეობასი 59 მძევალი დარჩება, რომელთაგან 24 ითვლება, რომ ცოცხალია. დანარჩენი 35 მძევლის გარდაცვალება ისრაელის ხელისუფლებამ დაადასტურა.
10 თებერვალს, აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თქვა, რომ ჰამასის ტერორისტულმა ორგანიზაციამ ტყვეობაში მყოფი ყველა მძევალი შაბათს შუადღემდე უნდა გამოუშვას, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი ჰამას-ისრაელს შორის დადებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გაუქმების წინადადებით გამოვა და "ჯოჯოხეთი დაიწყება".
ტრამპმა აღნიშნა, რომ ეს საბოლოოდ ისრაელის გადასაწყვეტი იქნება, თუმცა მისი პოზიციით, თუ 15 თებერვლამდე ყველა მძევალი არ დაბრუნდება, ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება უნდა გაუქმდეს და ომი "წესების გარეშე" გაგრძელდეს.
"ვიტყოდი... და ნებას მივცემ... რადგან ეს ისრაელის გადასაწყვეტია, მაგრამ მე თუ მკითხავთ, თუ ყველა მძევალს არ დააბრუნებენ შაბათს 12:00 საათისთვის - ვფიქრობ, ეს მისაღები დროა - ვიტყოდი, გააუქმეთ [შეთანხმება] და მერე წესების გარეშეა, ჯოჯოხეთი დაიწყება". - თქვა ტრამპმა.





