ჰამას-ისრაელის 2023-25 წლის ომი

ისრაელი პალესტინელებისთვის ღაზის ნებაყოფლობით დატოვების სპეციალური ჯგუფს ქმნის

ისრაელის თავდაცვის მინისტრი ისრაელ კაცი

ისრაელის თავდაცვის მინისტრის, ისრაელ კაცის თქმით, იქმნება ახალი ჯგუფი, რომელიც დაეხმარება იმ პალესტინელებს, რომლებსაც ნებაყოფლობით სურთ ღაზის სექტორის დატოვება და საცხოვრებლად სხვა ქვეყანაში გადასვლა.

ჯგუფში იქნებიან სხვადასხვა სამინისტროებისა და თავდაცვის ძალების წარმომადგენლები

რამდენიმე კვირის წინ კაცმა დაავალა ისრაელის თავდაცვის ძალებს, შეიმუშაონ გეგმა პალესტინელების მიერ ღაზის დასატოვებლად და აღნიშნა, რომ მიესალმება აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ინიციატივას, რომ ღაზის მაცხოვრებლებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში მიგრაციის საშუალება მიეცეთ.

ცნობისთვის, 5 თებერვალს აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ისრაელის პრემიერმინისტრთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე გამოაცხადა, რომ აშშ ღაზის სექტორს "დაეუფლება".

ტრამპის ამ მეტად თამამ განცხადებას მსოფლიოს მასშტაბით კრიტიკული გამოხმაურებები მოჰყვა, მათ შორის, გერმანიის, დიდი ბრიტანეთის, საუდის არაბეთის, ესპანეთის, საფრანგეთის, ეგვიპტისა და სხვა ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების მხრიდან. 

ტრამპის თქმით, მისი გეგმის შესრულების შემთხვევაში, რაც აშშ-ს მიერ ღაზის სექტორის "დაუფლებას" ითვალისწინებს, პალესტინელებს ღაზაში დაბრუნების უფლება აღარ ექნებათ. ამის შესახებ ტრამპმა ამერიკულ ტელევიზია Fox-თან ინტერვიუში ისაუბრა

ჟურნალისტის შეკითხვაზე, ექნებოდათ თუ არა პალესტინელებს ღაზის სექტორში დაბრუნების უფლება, ტრამპმა უპასუხა:

"არა, მათ არ ექნებოდათ [დაბრუნების უფლება], ვინაიდან ისინი უკვე გაცილებით უკეთეს საცხოვრებელ პირობებში იქნებოდნენ. მე აქ ვსაუბრობ მათთვის მუდმივი დასახლების აშენებაზე, ვინაიდან თუ ისინი იქ ახლა დაბრუნდებიან, წლები დასჭირდება [ღაზის რეკონსტრუქციას]. ვფიქრობ, მე შემიძლია შეთანხმების მიღწევა იორდანიასთან, ეგვიპტესთან [საკუთარ ტერიტორიებზე პალესტინელების დასახლების შესახებ]. ჩვენ მათ მილიარდობით დოლარს მივცემთ ყოველწლიურად". - თქვა ტრამპმა. 

ამასთან, ტრამპმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ აშშ 1.9 მილიონი პალესტინელისთვის "მშვენიერ" და "უსაფრთხო" დასახლებებს მოაწყობდა, თუმცა ღაზისგან "ოდნავ მოშორებით". 

კომენტარები