პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, რადოსლავ შიკორსკიმ თქვა, რომ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა ევროპელი ლიდერები პარიზში რუსეთ-უკრაინის ომთან და ევროპის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით შეხვედრაზე მიიწვია.
ამის შესახებ შიკორსკიმ მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე ილაპარაკა.
შიკორსკიმ ევროპელ ლიდერებს მოუწოდა, რომ შეხვედრაზე ტრამპის საპასუხო ერთობლივი ნაბიჯები განეხილათ.
"პრეზიდენტ ტრამპს აქვს ოპერირების მეთოდი, რომელსაც რუსები "დაზვერვას ბრძოლით" უწოდებენ. აწვები და უყურებ, რა ხდება და შემდეგ ცვლი შენს პოზიციას, ლეგიტიმური ტაქტიკებია. ჩვენ უნდა ვუპასუხოთ და ძალიან მოხარული ვარ, რომ პრეზიდენტმა მაკრონმა ჩვენი ლიდერები ხვალ პარიზში მიიწვია და მოველი, რომ ისინი ამას ძალიან სერიოზულად მიუდგებიან". - თქვა შიკორსკიმ.
გამოცემა Bloomberg-თან საუბრისას მაკრონის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ ევროპელი ლიდერების არაფორმალურ შეხვედრაზე დისკუსია მიმდინარეობს. ამასთან, გამოცემის თანაახმად, ევროკომისიის სპიკერმა თქვა, რომ საუბრები მიმდინარეობს, თუმცა ჯერჯერობით არაფერი გადაწყვეტილა.
Bloomberg წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ შეხვედრაზე, მათ შორის, ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი და და ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, ანტონიო კოსტა არიან მიწვეულები.
მანამდე, უკრაინასა და რუსეთში ტრამპის სპეციალური წარმომადგენელმა, კით კელოგმა თქვა, რომ რუსეთ-უკრაინის ომის მოლაპარაკებების მაგიდასთან ევროპა არ უნდა იყოს. თუმცა, კელოგმა ასევე აღნიშნა, რომ მოლაპარაკებებზე ევროპული ინტერესების გათვალისწინება საჭიროა.
შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, მარია მალმერ შტენერგარდმა კელოგის განცხადების საპასუხოდ თქვა, რომ თუკი ევროპის მხრიდან უკრაინაში ჯარისკაცების გაგზავნა განიხილება, მაშინ ის მოლაპარაკებების მაგიდასთან უნდა იყოს.