გორის საკრებულო

"EU-მ რაც გააკეთა, ორი იმდენი თან წაიღო" – რაზმაძემ მოქალაქეები დარბაზიდან გააძევა

კადრები ვიდეოდან / მთავარი არხი

გორის საკრებულოს სხდომის შემდეგ, თავმჯდომარემ, დავით რაზმაძემ მოქალაქეებს მოღალატეები ეძახა და დარბაზიდან გააძევა.

კამათი მოჰყვა რაზმაძის განცხადებას, რომ "პირდაპირ დაფინანსებას გორი ევროკავშირისგან არ იღებს", რის შემდეგაც საკრებულოს თავმჯდომარემ ასევე თქვა, რომ "ევროკავშირმა რაც გააკეთა, ორი იმდენი თან წაიღო".

"როცა [დავით რაზმაძე] ამბობს, რომ პირდაპირ დაფინანსებას ევროკავშირიდან გორი არ იღებს, რას ნიშნავს არ იღებს?! როცა შემიძლია, გავიყვანო და ვაჩვენო უამრავი გარემონტებული სკოლა, ვაჩვენო კოტეჯები, რომლებიც ევროკავშირის დაფინანსებით აუშენდათ დევნილებს და დღეს თავშესაფარი აქვთ და [ზამირ] კვეკვესკირივით თავის მოკვლა არ უწევთ. ეს დევნილები ევროკავშირმა დააბინავა". - უთხრა მოქალაქემ ჟურნალისტებს.

რაზმაძის მტკიცებით, ის, ვინც ევროპარლამენტის მიერ 13 თებერვალს მიღებულ რეზოლუციას მხარს უჭერს საქართველოს მოღალატეა.

"ქვეყნის მოღალატეების ადგილი აქ არ არის, ყიდიან საქართველოს, ყიდიან [...] ევროკავშირის რეზოლუციას დღეს ვინც მხარს უჭერს, ყველა არის საქართველოს მოქალაქე. [...] ევროკავშირმა რაც გააკეთა, ორი იმდენი თან წაიღო. რა წაიღო? - უამრავი რაღაცა. თუნდაც ის აგენტები დააფინანსა..." - თქვა რაზმაძემ.

ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომელიც ბიძინა ივანიშვილის მთავრობას დე ფაქტოსა და თვითგამოცხადებულს უწოდებს, არ ცნობს მას და ლეგიტიმურ პრეზიდენტად სალომე ზურაბიშვილს მიიჩნევს. ამას გარდა, რეზოლუცია ივანიშვილის რეჟიმს პოლიტპატიმრების გათავისუფლებას, საპროტესტო აქციებზე ძალადობის შემთხვევების გამოძიებასა და ახალი არჩევნების დანიშვნას მოუწოდებს. 

რეზოლუცია მიმართავს ევროკავშირსა და მის წევრ ქვეყნებსაც, რომ ბიძინა ივანიშვილსა და მის გარემოცვას, ასევე საქართველოში დემოკრატიულ უკუსვლაზე პასუხისმგებელ პირებს, როგორც ძალოვნებს, ისე მოსამართლეებს, სანქციები დაუწესონ.

ევროპარლამენტის მიერ 13 თებერვალს მიღებულ რეზოლუციაში ნათქვამია, რომ საქართველოში დემოკრატიული უკუსვლა 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ "დრამატულად დაჩქარდა".

აქვე აღნიშნულია, რომ საპარლამენტო არჩევნებმა ვერ დააკმაყოფილეს საერთაშორისო დემოკრატიული სტანდარტები და საქართველოს სულისკვეთება ეუთო-ში, დაირღვა "სამართლიანი არჩევნების დემოკრატიული ნორმები და სტანდარტები","შედეგად დაკომპლექტებული "პარლამენტი" და შესაბამისად "პრეზიდენტი" მოკლებული არიან ყველანაირ დემოკრატიულ ლეგიტიმაციას".

კომენტარები