პარტია გახარია საქართველოსთვის განცხადებით, გავრცელებული ინფორმაცია, რომ გორის საკრებულოში მათი წარმომადგენლები თავმჯდომარის, დავით რაზმაძის იმპიჩმენტს მხარს არ უჭერენ არის სიცრუე და ემსახურება პარტიის დისკრედიტაციას.
"გვსურს, გამოვეხმაუროთ "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერების მიერ მიზანმიმართულად გავრცელებულ ტყუილს, რომ თითქოს ჩვენი პარტიის გორის საკრებულოს წარმომადგენლები უარს აცხადებენ საკრებულოს თავმჯდომარის იმპიჩმენტზე - ეს არის სიცრუე და ემსახურება ჩვენი პარტიის დისკრედიტაციას, ეხმარება მხოლოდ და მხოლოდ "ოცნებას".
სამწუხაროა, რომ "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერები "ოცნების" ტროლებად იქცნენ". - ნათქვამია განცხადებაში.
აქამდე, ენმ-ს წევრი ანა წითლიძე სოციალურ ქსელში წერდა, რომ რაზმაძის იმპიჩმენტზე გახარიას პარტია უარს ამბობდა.
"არგუმენტი აქვთ, ქვას გახეთქავს: "უნდა შევამოწმოთ სტატიის ნამდვილობაო".
ასავალ დასავალი გონიათ ნიუ- იორკ თაიმსი". - წერდა წითლიძე.
ცნობისთვის, რაზმაძე New York Times-ისთვის მიცემულ ინტერვიუში ამბობს, რომ გორში რუსები შევიდნენ, როგორც მშვიდობისმყოფელები.
მისივე თქმით, მადლობელია იმისთვის, რომ რუსი მშვიდობისმყოფელები გორში შევიდნენ, რადგან "მიშას ხულიგნები მთელ ქალაქს ძარცვავდნენ".
"ისინი აქ შემოვიდნენ, როგორც მშვიდობისმყოფელები და მადლობა ღმერთს, რომ მოვიდნენ, რადგან მიშას ხულიგნები მთელ ქალაქს ძარცვავდნენ. [...] მათ მღვდლის მანქანაც კი მოიპარეს, ამის დაჯერება თუ შეგიძლიათ. რუსები რომ არ მოსულიყვნენ, ვინ იცის [ხულიგნები] რამდენად უფრო დიდ ზიანს გამოიწვევდნენ". - თქვა რაზმაძემ, გამოცემის ინფორმაციით.
ინტერვიუს გამოქვეყნების შემდეგ რაზმაძემ სტატიას "ცილისწამება და სიცრუე" უწოდა და უარყო, რომ New York Times-ისთვის მიცემულ ინტერვიუში 2008 წლის ომში მონაწილე ქართველი ჯარისკაცები "სააკაშვილის ხულიგნებად" მოიხსენია.





