აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ეკონომიკის გუნდს ყველა იმ ქვეყანაზე, რომელსაც ამერიკულ იმპორტზე გადასახადი აქვს დაწესებული, თანაბარი საპასუხო ტარიფების დაწესების შესახებ გეგმის შემუშავება დაავალა.
"ვაჭრობასთან დაკავშირებით, სამართლიანობის მიზეზებით, მე გადავწყვიტე, რომ დავაწესო საპასუხო ტარიფები, რაც ნიშნავს იმას, რომ ნებისმიერი ქვეყანას, რომელსაც [აშშ-ს იმპორტზე ტარიფი აქვს დაწესებული], ჩვენც გადავახდევინებთ. არც მეტი, არც ნაკლები". - თქვა ტრამპმა თეთრი სახლის ოვალურ ოფისში ჟურნალისტებთან საუბრისას.
აშშ-ს პრეზიდენტმა ხელი მოაწერა მემორანდუმს, რომლითაც მის გუნდს დაავალა, დაიწყოს სხვა ქვეყნების მიერ დაწესებული ტარიფების საპირწონე ტარიფების გამოთვლა და ამასთან, შეიმუშავოს სტრატეგია, რომლითაც აშშ არასატარიფო ბარიერებსაც დაუპირისპირდება, მათ შორის, კონკრეტულ ქვეყნებში არსებულ ავტომობილების უსაფრთხოების წესებს, რომლის გამოც ასეთ ქვეყნებში ამერიკულ ავტომობილების იმპორტი ვერ ხერხდება და დამატებითი ღირებულების გადასახადს, რომელიც ზრდის მათ ფასებს.
დღევანდელი დირექტივით დაანონსებული საპასუხო ტარიფები ტრამპს არ დაუწესებია. როგორც გამოცემა Reuters წერს, ტრამპის 13 თებერვლის ბრძანებით, საპასუხო ტარიფების შემუშავების მიზნით, დაიწყო გამოძიება აშშ-ს სავაჭრო პარტნიორების მიერ ამერიკულ იმპორტზე დაწესებული ტარიფების შესახებ, რაც შესაძლოა, თვეები გაგრძელდეს.
საპასუხო ტარიფების სამიზნეებს შორის არიან ჩინეთი, იაპონია, სამხრეთ კორეა და ევროკავშირი. Reuters-ის ცნობით, ტრამპის მიერ ტარიფების მორიგის რაუნდის დაანონსებამ აშშ-ში ინფლაციის ზრდისა და გლობალური სავაჭრო ომის პოტენციური გაფართოების შესახებ შიშები გააჩინა.
ტრამპის მიერ არჩეული ვაჭრობის მინისტრმა ჰოვარდ ლუტნიკმა თქვა, რომ ადმინისტრაციას ინდივიდუალური კონტაქტი ექნება იმ ქვეყნებთან, რომლებზეც ახალი ტარიფები გავლენას მოახდენს და რომ შესაბამისი მოკვლევები საკითხზე 1-ელ აპრილს დასრულდება.
თეთრი სახლის მაღალჩინოსნის თქმით, რომელიც ჟურნალისტებს ოვალურ ოფისში ტრამპის ბრიფინგამდე ესაუბრა, თქვა, რომ ადმინისტრაცია პირველ რიგში შეისწავლიდა იმ ქვეყნებს, რომლებსაც ყველაზე დიდი სავაჭრო სიჭარბე აქვთ და ამასთან, ყველაზე მაღალი ტარიფები.





