რუსეთ-უკრაინის 2022-25 წლის ომი

WSJ: აშშ-ს ვიცეპრეზიდენტმა უკრაინაში ამერიკელი სამხედროების გაგზავნა არ გამორიცხა

ჯეი დი ვენსი
Evan Vucci/AP

გამოცემა Wall Street Journal-ის ექსკლუზიური ინფორმაციით, აშშ-ს ვიცეპრეზიდენტმა ჯეი დი ვენსმა 13 თებერვალს თქვა, რომ რომ აშშ მოსკოვს სანქციებითა და პოტენციური სამხედრო ქმედებით უპასუხებს, თუ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი უკრაინაში სამშვიდობო გარიგებაზე არ დათანხმდება, რომელიც კიევის გრძელვადიან დამოუკიდებლობას უზრუნველყოფს.

გამოცემის ცნობით, ვენსმა "მოლაპარაკების მაგიდაზე" დატოვა უკრაინაში ამერიკელი სამხედროების გაგზავნის საკითხი იმ შემთხვევაში, თუ მოსკოვი მოლაპარაკებებს კეთილი ნებით არ გამართავს.

"არსებობს ეკონომიკური ინსტრუმენტები ბერკეტისთვის, და ცხადია, არსებობს სამხედრო ინსტრუმენტებიც", რომლებიც აშშ-ს შეუძლია, პუტინის წინააღმდეგ გამოიყენოს.

"ვფიქრობ, იქნება შეთანხმება, რომელსაც მივიღებთ და რომელიც ბევრ ადამიანს გააოცებს". - თქვა ვენსმა WSJ-სთან ინტერვიუში, რომლის ჩაწერამდეც რამდენიმე საათით ადრე პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თქვა, რომ პუტინთან უკრაინაში ომის დასრულების თაობაზე მოლაპარაკებებს დაიწყებს.

WSJ წერს, რომ ვიცეპრეზიდენტის ნათქვამი, რომელიც მან ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრამდე ერთი დღით ადრე გააკეთა, კიევისთვის ტრამპის ადმინისტრაციის მხრიდან დღემდე ყველაზე მტკიცე მხარდაჭერას წარმოადგენს იმ ფონზე, როცა რუსეთი უკრაინის განიარაღებასა და ამჟამინდელი მთავრობის შეცვლას ითხოვს.

"პრეზიდენტი არ აპირებს, ამაში თვალებახვეული შევიდეს". - თქვა ვენსმა: "ის იტყვის, 'მოლაპარაკების მაგიდაზე ყველაფერია, მოდით, შეთანხმებას მივაღწიოთ"".

14 თებერვალს თეთრ სახლში გამართულ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტის შეკითხვაზე, იქნება თუ არა უკრაინა რუსეთთან ომის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკების მაგიდასთან, ტრამპმა უპასუხა, რომ უკრაინა "ცხადია მოლაპარაკებებში ჩართული იქნება".

თუმცა, მან ასევე თქვა, რომ რუსეთს დიდ შვიდეულში დაბრუნების ნება უნდა მიეცეს და ასევე აღნიშნა, რომ NATO-ში უკრაინის გაწევრიანება ისეთი რამ იყო, რასაც რუსეთი არ დაუშვებდა.

აშშ-ს ვიცეპრეზიდენტი 14 თებერვალს მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე მსოფლიო ლიდერების წინაშე სიტყვით გამოვა. WSJ-ს ცნობით, იგი აპირებს, მოკავშირე ევროპელ ლიდერებს უთხრას, რომ ისინი სიტყვის თავისუფლებასა და დემოკრატიას ზღუდავენ პოპულისტურ პარტიებთან არ თანამშრომლობით.

გამოცემა წერს, რომ ჯეი დი ვენსი ლიდერებს ეტყვის, რომ ევროპა უნდა მიესალმოს ანტიისტებლიშმენტური პოლიტიკის ზრდას, უნდა შეაკავოს მასობრივი მიგრაცია და შეწყვიტოს პროგრესისტული პოლიტიკის გატარება. WSJ-სთან ვენსმა ასევე თქვა, რომ იგი აპირებს, ევროპელ ლიდერებს მოუწოდოს, ტრადიციულ ღირებულებებს დაუბრუნდნენ და მიგრანტების მხრიდან დანაშაულის ჩადენების შემთხვევები შეაჩერონ. 

უკრაინასთან დაკავშირებით ვენსმა აღნიშნა, რომ ჯერ ზედმეტად ადრეა იმის თქმა, თუ უკრაინის ტერიტორიის რა ნაწილი დარჩება რუსეთის კონტროლქვეშ ან რა უსაფრთხოების გარანტიებს შესთავაზებს აშშ და სხვა დასავლელი მოკავშირეები უკრაინას. მისი თქმით, ასეთი დეტალები სამშვიდობო მოლაპარაკებების დროს უნდა იყოს განხილული.

"სხვადასხვა ფორმულირებაა, კონფიგურაცია, მაგრამ ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ უკრაინას სუვერენული დამოუკიდებლობა ჰქონდეს". - თქვა მან.

ვენსმა თქვა, რომ ტრამპის ადმინისტრაციის მიზანი იქნება, პუტინი დაარწმუნოს, რომ რუსეთი მოლაპარაკების მაგიდასთან უფრო მეტს მიაღწევს, ვიდრე ბრძოლის ველზე.

ამასთანავე, WSJ-ს ინფორმაციით, უკრაინაში წარმატებული შეთანხმების მიღწევის შემთხვევაში ვენსი რუსეთთან ურთიერთობის გადატვირთვის წინადადებით გამოვიდა და თქვა, რომ დასავლური ბაზრიდან რუსეთის იზოლაციამ მოსკოვი ჩინეთის უმცროს პარტნიორად აქცია: "პუტინის ინტერესებში არ არის, პატარა ძმა იყოს ჩინეთთან კოალიციაში". - თქვა მან.

აშშ-ს ვიცეპრეზიდენტმა ასევე ხაზი გაუსვა, რომ შესაძლოა, ტრამპმა აზრი იმის მიხედვით შეიცვალოს, თუ როგორ წარიმართება მოლაპარაკებები: "პრეზიდენტმა ტრამპმა შეიძლება თქვას, რომ ჩვენ ეს არ გვინდა, შეიძლება, ეს არ მოგვწონდეს, მაგრამ მზად ვართ, მოლაპარაკების მაგიდაზე დავაბრუნოთ, თუკი რუსები მოლაპარაკებებში კარგი პარტნიორები არ იქნებიან, ან იყოს უკრაინელებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხები, რომლებიც შეიძლება, მოლაპარაკების მაგიდიდან ავიღოთ".

კომენტარები