Financial Times-ი ანონიმურ უკრაინელ და დასავლელ მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით წერს, რომ აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი უკრაინის ომში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების უზრუნველყოფას 20 აპრილისთვის ან 9 მაისისთვის ეცდებიან.
წელს 20 აპრილს აღდგომას აღნიშნავენ როგორც მართლმადიდებელი, ისე კათოლიკე ეკლესიები. 9 მაისი კი რუსეთში ნაცისტურ გერმანიაზე გამარჯვების დღეა.
უკრაინელი მაღალჩინოსნის თქმით, "პუტინს [შეთანხმება] სწორედ ასეთ აღსანიშნავ დღეს ენდომება".
12 თებერვალს აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა დაწერა, რომ ვლადიმირ პუტინთან "გრძელი და ძალიან პროდუქტიული" სატელეფონო საუბარი ჰქონდა და შეთანხმდნენ, სურთ შეჩერდეს "მილიონობით სიკვდილი" რუსეთ-უკრაინის ომში. მისივე თქმით, შეთანხმდნენ ამ საკითხზე "ძალიან ახლო მუშაობაზე", "ერთმანეთის ქვეყნებში ვიზიტების ჩათვლით".
13 თებერვალს კრემლის სპიკერმა, დმიტრი პესკოვმა აღნიშნა, რომ რუსეთმა აშშ-სთან მოლაპარაკებებისთვის დელეგაციის ფორმირება დაიწყო. შემადგენლობას ვლადიმირ პუტინი გამოაცხადებს.
ტრამპის სიტყვების შემდეგ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ აშშ-ს პრეზიდენტს "მშვიდობის მიღწევის შესაძლებლობებზე" ესაუბრა. მისი თქმით, იმედოვნებს, რომ მომავალ კვირაში, მიუნხენში დაგეგმილი შეხვედრა აშშ-ს ვიცეპრეზიდენტ ჯეი დი ვენსთან და სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოსთან "დადებითი იქნება".