საოპერო მომღერალი პაატა ბურჭულაძე შინაგან საქმეთა სამინისტრომ "პარლამენტთან გზის გადაკეტვისთვის" 5 000 ლარით დააჯარიმა. საჯარიმო ქვითარი ბურჭულაძეს პოლიციელმა მიუტანა და უთხრა, რომ გასაჩივრების უფლება 10 დღის ვადაში აქვს. მისივე თქმით, სამართალდარღვევის ოქმში წერია, რომ ბურჭულაძემ გუშინ, 12 თებერვალს, პარლამენტის მიმდებარედ საავტომობილო გზის ზოლი გადაკეტა. მომღერალმა პოლიციელს უთხრა, რომ ჯარიმას არ ეთანხმება, ის გუშინ საერთოდ არ ყოფილა პარლამენტთან და ოპერასთან, თავისივე საიუბილეო მსვლელობაზე იმყოფებოდა.
"გუშინ ხალხმა მომილოცა და სიცოცხლე გამიმრავლა! კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ყველას! ეტყობა, გაუჭირდათ ამის გადატანა და ცოტა ხნის წინ, მავნებლებმაც მომილოცეს 5000-ლარიანი ჯარიმით!
პოლიციელს, რომელსაც ეს დავალება უნდა შეესრულებინა, ხელები უკანკალებდა, რა დღეში ჩააგდეს ქართული პოლიცია.
გზის გადაკეტვას მედავებიან, როცა მაგ დროს ხალხის მიერ მოწყობილ მსვლელობაზე ვიყავი და საერთოდ, არ ვყოფილვარ პარლამენტთან. კარგია, რომ ოპერის წინ სიმღერას ჯერ ვერ მიწუნებენ, საქართველოს ჰიმნის შესრულებაზეც დაგვაჯარიმებენ ალბათ მალე.
ამასაც გავუძლებთ! ბრძოლა ბოლომდე! თავისუფლება მზია ამაღლობელს და რეჟიმის ტყვეებს" - წერს ბურჭულაძე.
საოპერო მომღერალს 12 თებერვალს 70 წელი შეუსრულდა. მან მოქალაქეებთან ერთად საიუბილეო მსვლელობა მოაწყო და ოპერის წინ საქართველოს ჰიმნი შეასრულა.
ცნობილია, რომ თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრმა პაატა ბურჭულაძის 70 წლის საიუბილეო კონცერტისთვის დარბაზი არ გამოყო.