ქართული ოცნება ევროპარლამენტის რეზოლუციას ეხმიანება, რომელიც ბიძინა ივანიშვილის მთავრობას დე ფაქტოსა და თვითგამოცხადებულს უწოდებს, არ ცნობს მას და ლეგიტიმურ პრეზიდენტად სალომე ზურაბიშვილს მიიჩნევს. ამას გარდა, რეზოლუცია ივანიშვილის რეჟიმს პოლიტპატიმრების გათავისუფლებას, საპროტესტო აქციებზე ძალადობის შემთხვევების გამოძიებასა და ახალი არჩევნების დანიშვნას მოუწოდებს.
ოცნების პოლიტსაბჭოს განცხადებით, "ევროპარლამენტის სერიოზულად აღქმა დღეს აბსოლუტურად შეუძლებელია" და "ან "დიფ სთეითი" გაანადგურებს ევროკავშირს, ან ევროკავშირი გამონახავს ძალას, რომ როგორმე თავი დააღწიოს "დიფ სთეითის" გავლენას".
"გვსურს, გამოვეხმაუროთ ევროპარლამენტის მიერ დღეს მიღებულ რეზოლუციას საქართველოს და ქართველი ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლების წინააღმდეგ.
ჯერ კიდევ 2023 წლის 26 მარტს, ამერიკის შეერთებული შტატების მომავალმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ამომრჩევლებთან შეხვედრის დროს განაცხადა: „ეს გადამწყვეტი ბრძოლაა. ან "დიფ სთეითი" გაანადგურებს ამერიკას, ან ჩვენ უნდა გავანადგუროთ "დიფ სთეითი".
პრეზიდენტად არჩევის შემდეგ, დონალდ ტრამპი ამ გადამწყვეტ ბრძოლაში აქტიურად ჩაება და ჩვენ წარმატებას ვუსურვებთ მას "დიფ სთეითის" განადგურების საქმეში.
ჩვენი მხრივ, დღეს მიღებული რეზოლუციის საპასუხოდ გვსურს განვაცხადოთ, რომ ან "დიფ სთეითი" გაანადგურებს ევროკავშირს, ან ევროკავშირი გამონახავს ძალას, რომ როგორმე თავი დააღწიოს "დიფ სთეითის" გავლენას.
როგორც პრეზიდენტ ტრამპს ვუსურვებთ გამარჯვებას "დიფ სთეითის" წინააღმდეგ ბრძოლაში, ასევე ევროპასაც ვუსურვებთ, რომ თავი დააღწიოს "დიფ სთეითის" მავნე ზეგავლენას. ჩვენ ამ ბრძოლაში პატრიოტი ევროპელების მხარეს დავდგებით.
ასევე გვსურს საზოგადოებას შევახსენოთ უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის გუშინდელი განცხადება - "ევროპული ინსტიტუტების სერიოზულად აღქმა შეუძლებელია".
ჩვენი აზრით, სამწუხაროდ, ევროპარლამენტის სერიოზულად აღქმა დღეს აბსოლუტურად შეუძლებელია". - წერია განცხადებაში.
ევროპარლამენტის მიერ 13 თებერვალს მიღებულ რეზოლუციაში ნათქვამია, რომ საქართველოში დემოკრატიული უკუსვლა 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ "დრამატულად დაჩქარდა".
აქვე აღნიშნულია, რომ საპარლამენტო არჩევნებმა ვერ დააკმაყოფილეს საერთაშორისო დემოკრატიული სტანდარტები და საქართველოს სულისკვეთება ეუთო-ში, დაირღვა "სამართლიანი არჩევნების დემოკრატიული ნორმები და სტანდარტები","შედეგად დაკომპლექტებული "პარლამენტი" და შესაბამისად "პრეზიდენტი" მოკლებული არიან ყველანაირ დემოკრატიულ ლეგიტიმაციას".





