აშშ-ს ჰელსინკის კომისია

აშშ-ს ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე რესპუბლიკელი სენატორი როჯერ უიკერი გახდა

როჯერ უიკერი

აშშ-ს 199-ე მოწვევის კონგრესში ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის კომისიის, სხვა სახელწოდებით, აშშ-ს ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე რესპუბლიკელი სენატორი როჯერ უიკერი გახდა

"ჩემთვის პატივია, ვიყო ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარედ დასახელებული. ევროპის უსაფრთხოება ყოველთვის კარგია აშშ-სთვის. თითქმის 50 წლის განმავლობაში ჰელსინკის კომისია იცავდა ადამიანს უფლებებს, მხარს უჭერდა დემოკრატიას და ზრდიდა ეკონომიკურ თანამშრომლობას მსოფლიოს მასშტაბით. დღევანდელი გამოწვევები არანაკლებ გადაუდებელია. მოუთმენლად ველი ორპალატიან, ორპარტიულ საფუძველზე მუშაობას, რათა ვეძიოთ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის სამართლიანი დასასრული, უფრო ძლიერი NATO-ს ალიანსი და საერთაშორისო წესრიგი, რომელიც ჩვენს ეროვნულ ინტერესს ემსახურება". - განაცხადა უიკერმა. 

ჰელსინკის კომისიის ოფიციალურ პრესრელიზში გლობალურ გამოწვევებზე საუბრისას ასევე აღნიშნულია, რომ "საქართველოს რესპუბლიკის დემოკრატია გზაგასაყარზე დგას, რამეთუ პარტია ქართული ოცნება ცდილობს, რომ ქვეყანა რუსეთის მიმართულებით წაიყვანოს და დააშოროს ევროატლანტიკური ინტეგრაციის მათ მიერ არჩეულ გზას". 

სენატორი როჯერ უიკერი აშშ-ს ჰელსინკის კომისიის წევრი 2009 წლიდანაა. იგი 2017-2024 წლებში იყო ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის, ეუთოს (OSCE) საპარლამენტო ასამბლეის ვიცეპრეზიდენტი. 2014-2017 წლებში უიკერი იყო ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პოლიტიკური ურთიერთობებისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარე. 

სენატორი უიკერი რამდენჯერმე გამოეხმაურა ბოლო დროს საქართველოში განვითარებულ მოვლენებსა და ოქტომბერში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებს.

ოქტომბრის არჩევნებს ერთ-ერთ განცხადებაში უიკერმა "ფარსი" უწოდა. 

"გასულ შაბათს ქართველი ხალხი არჩევნებზე წავიდა, რათა ესარგებლათ საკუთარი დემოკრატიული უფლებით, აირჩიონ მათ ახალი მთავრობა. ღირსეული, გამჭვირვალე და კანონიერი პროცესის ნაცვლად, რაც მათ მიიღეს იყო ფარსი. ქართველი ხალხის დემოკრატიულ არჩევანს ძირი გამოეთხარა მასობრივი დარღვევებით, მათ შორის, დაშინებით, ძალადობით, ხმების ყიდვითა და შედეგებით, რომელიც მკვეთრად იყო აცდენილი სანდო, დამოუკიდებელი წინასაარჩევნო და ეგზიტპოლებისგან, ისევე როგორც წინა არჩევნების ტენდენციებისგან". - წერდა უიკერი 30 ოქტომბერს გავრცელებულ განცხადებაში. 

 ამასთან, უიკერმა გასული წლის დეკემბერში ბაიდენის ადმინისტრაციას ბიძინა ივანიშვილისა და მისი რეჟიმის წარმომადგენლების დასანქცირებისკენ მოუწოდა. 

"ჩვენს გარკვეულწილად გაუბედავი ზომებს ქართულმა ოცნებამ პატივი არ სცა, ამიტომ ვიტყოდი, რომ დროა, აშშ-მ უფრო გადამწყვეტი და დროული სიმტკიცე აჩვენოს. სანახევრო ზომები ახლა არასწორი გზავნილია. ამიტომ, ბაიდენის ადმინისტრაციას მოვუწოდებ, ქართული ოცნების ლიდერებს, მათ შორის, ბიძინა ივანიშვილს, კახა კალაძესა და პრემიერმინისტრ კობახიძეს, სანქციები დაუწესოს". 

კომენტარები