აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 12 თებერვალს განაცხადა, რომ რუსეთ-უკრაინის ომის დასრულებაზე მოლაპარაკებების გამართვის მიზნით რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს, საუდის არაბეთში შეხვდება.
"ჩვენ საუდის არაბეთში შევხვდებით". - განუცხადა ტრამპმა რეპორტიორებს თეთრ სახლში. მანამდე, ტრამპმა დაწერა, რომ პუტინთან სატელეფონო საუბარი გამართა და მასთან შეთანხმდა, რომ მყისიერად დაიწყოს სამშვიდობო მოლაპარაკებები უკრაინასთან დაკავშირებით.
ტრამპმა აღნიშნა, რომ მისი აზრით, უკრაინის NATO-ში გაწევრიანება პრაქტიკული არ არის. ამასთანავე, მისი თქმით, ნაკლებად სავარაუდოა, რომ უკრაინა ყველა ტერიტორიის დაბრუნებას შეძლებს, თუმცა დაამატა, რომ ტერიტორიების "რაღაც ნაწილს" უკრაინა დაიბრუნებს.
მანამდე, აშშ-ს თავდაცვის მინისტრმა, პიტ ჰეგსეთმა უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრაზე, რომლის თავმჯდომარეც პირველად იყო გაერთიანებული სამეფო, რუსეთ-უკრაინის ომის დასრულებასთან დაკავშირებით ტრამპის ადმინისტრაციის გეგმა წარადგინა.
ჰეგსეთმა ხაზი გაუსვა, რომ აშშ-ს, ევროპის მსგავსად, "სუვერენული და აყვავებული უკრაინა სურს", მაგრამ აღნიშნა, რომ უკრაინისთვის "2014 წლამდელ საზღვრებთან დაბრუნება არარეალური ამოცანაა".
აშშ-ს თავდაცვის მინისტრის თქმით, "უკრაინისთვის გრძელვადიანი მშვიდობა უნდა მოიცავდეს მტკიცე უსაფრთხოების გარანტიებს, რათა უზრუნველყოფილი იყოს, რომ ომი ხელახლა არ დაიწყება. ეს არ უნდა იყოს მინსკი 3.0".
ტრამპმა Truth Social-ზე გამოქვეყნებულ პოსტში აღნიშნა, რომ პუტინთან საუბარი "ძალიან ხანგრძლივი და პროდუქტიული იყო", ხოლო კრემლის პრესსპიკერმა, დმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ პუტინი მზადაა, აშშ-ს პრეზიდენტი და მისი დელეგაცია მოსკოვში მიიღოს.
-
ტრამპი: სატელეფონო საუბარი მქონდა პუტინთან - განვიხილეთ უკრაინის და სხვა მრავალი საკითხი
-
პუტინმა დონალდ ტრამპი მოსკოვში უკრაინის საკითხზე დისკუსიისთვის მიიწვია
პუტინთან საუბრის შემდეგ ტრამპმა სატელეფონო საუბარი გამართა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთანაც. ზელენსკის თქმით, აშშ-ს პრეზიდენტთან მშვიდობის მიღწევის შესაძლებლობებზე და ერთად მუშაობის მზადყოფნაზე ისაუბრა.
"მნიშვნელოვანი საუბარი მქონდა პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან - ვისაუბრეთ მშვიდობის მიღწევის შესაძლებლობებზე, გამოვხატეთ ჩვენი მზადყოფნა ერთად მუშაობისთვის, გუნდურ დონეზე - ასევე უკრაინის ტექნოლოგიურ შესაძლებლობებზე, მათ შორის დრონებზე და სხვა თანამედროვე ინდუსტრიებზე". - თქვა ზელენსკიმ და დაამატა, რომ ტრამპმა მას პუტინთან საუბრის დეტალები გაუზიარა.





