მზია ამაღლობელის ადვოკატები ბათუმის საქალაქო სასამართლოს, საქართველოს პროკურატურასა და სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს რამდენიმე მოთხოვნით მიმართავენ.
"ჩვენი მოთხოვნები არის შემდეგი:
- სასამართლომ დაუშვას დაცვის მხარის შუამდგომლობა, რომელსაც ჩვენ მათთან ხვალ დილას წარვადგენთ და მზია ამაღლობელის მიმართ შერჩეული, ბარბაროსულად უკანონო აღკვეთის ღონისძიება გააუქმოს და ის უკანონო პატიმრობიდან გაათავისუფლოს.
- საქართველოს პროკურატურამ დაუყონებლივ შეწყვიტოს მზია ამაღლობელის მიმართ უკანონო და მანიპულირებული ბრალდების საქმე.
- ამავე საქმეში პროკურატურამ მზია ამაღლობელს დაზარალებულის სტატუსი მიანიჭოს.
- მზია ამაღლობელის უკანონო დაკავებისა და უკანონო სამართალწარმოების გამო, პროკურატურამ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყოს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის, გრიგოლ ბესელიასა და მისდამი დაქვემდებარებული პოლიციელების მიმართ.
- მზია ამაღლობელის მიმართ ჩადენილი არასათანადო მოპყრობის გამო, პროკურატურამ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყოს აჭარის პოლიციის უფროსის, ირაკლი დგებუაძის მიმართ
- სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა კი მასზე დაკისრებული ვალდებულება შეასრულოს და მზია ამაღლობელის მიმართ ჩადენილი არასათანადო მოპყრობის ფაქტი სათანადოდ გამოიძიოს". - თქვა მზია ამაღლობელის ერთ-ერთმა ადვოკატმა, მაია მწარიაშვილმა.
32-ე დღეა, ნეტგაზეთისა და ბათუმელების დამფუძნებელი, ჟურნალისტი მზია ამაღლობელი შიმშილობს. ის 4 თებერვალს კვლევებისთვის კლინიკა ვივამედში გადაიყვანეს და ამ დრომდე იქ რჩება.
მზია ამაღლობელი ბათუმის პოლიციის უფროსის, ირაკლი დგებუაძეზე თავდასხმის ბრალდებით 11 იანვარს დააკავეს. 14 იანვარს ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ნინო სახელაშვილმა პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. დაცვის მხარე 100 000-ლარიანი გირაოთი გათავისუფლებას ითხოვდა.
"მომეტებულად საბუთდება ბრალდებულის მხრიდან ახალი დანაშაულებრივი ქმედების ჩადენისა და მტკიცებულებების განადგურების საფრთხე". - თქვა მოსამართლემ.
საქმეზე წინასასამართლო სხდომა ბათუმის საქალაქო სასამართლოში 4 მარტს, 11:00 საათზე ჩაინიშნა.
მზია ამაღლობელი პირველად 11 იანვარს ადმინისტრაციული წესით დააკავეს, როცა მან აჭარის პოლიციის სამმართველოს შესასვლელის ღობეზე გააკრა სტიკერი 15 იანვარს დაგეგმილ საყოველთაო გაფიცვასთან დაკავშირებით. დაკავებისას მზია ამაღლობელისთვის არავის განუმარტავსდაკავების საფუძველი და სამართლებრივი ნორმები, რასაც პოლიციას კანონმდებლობა ავალდებულებს.
მეორედ დაკავების შემდეგ, ბათუმელებისა და ნეტგაზეთის დამფუძნებლისა და დირექტორის, მზია ამაღლობელის წინააღმდეგ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც პოლიციელზე, სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურეზე ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენელზე ანდა საჯარო დაწესებულებაზე თავდასხმის ბრალდებას და 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს.
ბათუმელების ცნობით, მზია ამაღლობელთან 3 საათის განმავლობაში არ უშვებდნენ ადვოკატებს და, ასევე, უცნობი იყო, რა მუხლით იყო ის დაკავებული. იგი მოინახულა სახალხო დამცველის წარმომადგენელმა აჭარაში, რომელსაც მზია ამაღლობელმა უთხრა, რომ დაკავების შემდგომ ადგილი ჰქონდა არასათანადო მოპყრობას.
"დაკავების შემდეგ მზია ამაღლობელის მიმართ ადგილი ჰქონდა არასათანადო მოპყრობას, რასაც ასევე კრიტიკული მედიის მიმართ ანგარიშსწორებად და სამაგალითო დასჯად მივიჩნევთ." - განაცხადეს დამოუკიდებელი მედიასაშუალებების, პროფესიული და მედიის უფლებების დამცველი ორგანიზაციების წარმომადგენლებმა.