აშშ-კანადა

ტრამპის თქმით, მას ნამდვილად სურს, რომ კანადა აშშ-ს 51-ე შტატი გახდეს

აშშ-ს პრეზიდენტმა Fox News-თან ინტერვიუში დაადასტურა, რომ ნამდვილად სურს კანადა აშშ-ს 51- შტატი გახდეს.

"დიახ, ეს რეალურია. ვფიქრობ ბევრად უკეთესი იქნებოდა, კანადა 51-ე შტატი რომ ყოფილიყო. ჩვენ ყოველწლიურად 200 მილიარდ დოლარს ვკარგავთ კანადის გამო და არ დავუშვებ, რომ ეს მოხდეს. ეს ზედმეტად ბევრია. რატომ ვაკეთებთ ამას? მე ეს კითხვა ტრუდოსაც დავუსვი". - უპასუხა ტრამპმა ჟურნალისტის შეკითხვას, ნამდვილად უთხრა თუ არა ტრუდოს, რომ კანადის 51-ე შტატად გადაქცევა სურს.

"მე მიყვარს კანადა. ბევრი მეგობარი მყავს კანადაში. მიყვარს მათი ტრადიციები და ჰოკეი. თუ ის 51-ე შტატი იქნება, ეს აღარ იქნება პრობლემა. კანადის მოქალაქეებს ექნებათ გაცილებით დაბალი გადასახადები. მათ ექნებათ გაცილებით უკეთესი სამედიცინო და სამხედრო დაცვა, ისეთი, როგორიც ვერავის ექნება". - თქვა ტრამპმა.

აშშ-ს პრეზიდენტმა ჩინური და რუსული გემების კანადის სიახლოვეს გადაადგილების შესახებაც ისაუბრა.

"იცით, რომ რუსული გემები ყველგან არიან, ჩინური გემებიც. ისინი მთელი კანადის გარშემო დაცურავენ. ისინი ცურავენ გრენლანდიის გვერდით. ჩვენ ამას არ დავუშვებთ, ჩვენ ამას შევაჩერებთ". - განაცხადა დონალდ ტრამპმა.

მისი თქმით, კანადა NATO-ს წევრებს შორის ყველაზე ნაკლებს იხდის, რაც "არასამართლიანია". 

"იცით რატომ აკეთებენ ამას? იმიტომ, რომ მათ ჰგონიათ, რომ ამერიკა მათ ავტომატურად დაიცავს. ახლა ამას ვერ გავაკეთებთ. როგორც შტატი ეს შესაძლებელია, თუმცა როგორც ქვეყნის შემთხვევაში მე ამას არ გავაკეთებ". - თქვა ტრამპმა ინტერვიუში.

მანამდე კანადის საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით, პრემიერმინისტრმა ჯასტინ ტრუდომ ბიზნეს ლიდერებთან დახურულ შეხვედრაზე განაცხადა, რომ აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სურვილი, კანადა აშშ-ს 51-ე შტატი გახდეს, რეალურია.

CBC-ის განცხადებით, ტრუდოს საუბარი დახურული შეხვედრიდან შემთხვევით, ეგრეთ წოდებული Loudspeaker-ის საშუალებით გავრცელდა. 

შეხვედრაზე ტრუდომ აღნიშნა, რომ ტრამპს კანადის ანექსია კრიტიკულ მინერალებზე წვდომისთვის სურს.

"ჩემთან საუბრისას ტრამპს ჰქონდა იდეა, რომ ყველაზე მარტივი გზა ჩვენი ქვეყნის შეერთება იქნება და რომ ეს რეალურია. ისინი ძალიან კარგად იცნობენ ჩვენს რესურსებს და ძალიან უნდათ ამ ყველაფრით სარგებლობა". - თქვა ტრუდომ მიკროფონის გათიშვამდე.

კომენტარები