მაკკეინის ინსტიტუტის ახალი ინიციატივის "თავისუფლება პოლიტპატიმრების" სიაში მზია ამაღლობელი მოხვდა. ინიციატივის ფარგლებში, ინსტიტუტი მრავალი ფორმის ადვოკატირებას გაუწევს მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში მყოფ პოლიტპატიმრებს.
ინიციატივის ეხება “ამერიკელებს, მწვანე ბარათის მფლობელებს და დისიდენტებს სხვა ქვეყნებიდან, რომლებიც არიან პოლიტიკური პატიმრები, ან მძევლები რეპრესიული რეჟიმების მიერ”.
მაკკეინის ინსტიტუტის მიერ გამოქვეყნებული განცხადებაში ნათქვამია ,რომ დასაწყისისთვის ინიციატივა ორიენტირებული იქნება ოთხ მიმართულებაზე:
- ვენესუელა: ჰესუს არმასი, ვენესუელელი ოპოზიციური ლიდერი, მაკკეინის გლობალური ლიდერი;
- ბელარუსი: მარია კალესნიკოვა, ბელარუსი ფლეიტისტი;
- ღაზა: ისრაელელი ამერიკელი მძევლები;
- საქართველო: მზია ამაღლობელი.
ბათუმელებისა და ნეტგაზეთის დამფუძნებელი და დირექტორი, ჟურნალისტი მზია ამაღლობელი 26-ე დღეა შიმშილობს.
ამაღლობელი კვლევებისთვის კლინიკა ვივამედში 4 თებერვალს გადაიყვანეს.
-
ჩხაიძე ამაღლობელზე: კვლევებში იყო ცვლილებები, გააგრძელებს სტაციონარულ მკურნალობას
-
მზია ამაღლობელი თავს სუსტად გრძნობს და გადაადგილება უჭირს – ადვოკატი
მზია ამაღლობელი ბათუმის პოლიციის უფროსის, ირაკლი დგებუაძეზე თავდასხმის ბრალდებით 11 იანვარს დააკავეს. 14 იანვარს ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ნინო სახელაშვილმა პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. დაცვის მხარე 100 000-ლარიანი გირაოთი გათავისუფლებას ითხოვდა.
"მომეტებულად საბუთდება ბრალდებულის მხრიდან ახალი დანაშაულებრივი ქმედების ჩადენისა და მტკიცებულებების განადგურების საფრთხე". - თქვა მოსამართლემ.
საქმეზე წინასასამართლო სხდომა ბათუმის საქალაქო სასამართლოში 4 მარტს, 11:00 საათზე ჩაინიშნა.
მზია ამაღლობელი პირველად 11 იანვარს ადმინისტრაციული წესით დააკავეს, როცა მან აჭარის პოლიციის სამმართველოს შესასვლელის ღობეზე გააკრა სტიკერი 15 იანვარს დაგეგმილ საყოველთაო გაფიცვასთან დაკავშირებით. დაკავებისას მზია ამაღლობელისთვის არავის განუმარტავს დაკავების საფუძველი და სამართლებრივი ნორმები, რასაც პოლიციას კანონმდებლობა ავალდებულებს.
მეორედ დაკავების შემდეგ, ბათუმელებისა და ნეტგაზეთის დამფუძნებლისა და დირექტორის, მზია ამაღლობელის წინააღმდეგ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც პოლიციელზე, სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურეზე ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენელზე ანდა საჯარო დაწესებულებაზე თავდასხმის ბრალდებას და 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს.
ბათუმელების ცნობით, მზია ამაღლობელთან 3 საათის განმავლობაში არ უშვებდნენ ადვოკატებს და, ასევე, უცნობი იყო, რა მუხლით იყო ის დაკავებული. იგი მოინახულა სახალხო დამცველის წარმომადგენელმა აჭარაში, რომელსაც მზია ამაღლობელმა უთხრა, რომ დაკავების შემდგომ ადგილი ჰქონდა არასათანადო მოპყრობას.
"დაკავების შემდეგ მზია ამაღლობელის მიმართ ადგილი ჰქონდა არასათანადო მოპყრობას, რასაც ასევე კრიტიკული მედიის მიმართ ანგარიშსწორებად და სამაგალითო დასჯად მივიჩნევთ." - განაცხადეს დამოუკიდებელი მედიასაშუალებების, პროფესიული და მედიის უფლებების დამცველი ორგანიზაციების წარმომადგენლებმა.