დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია

რუბიო: აშშ არ ტოვებს საგარეო დახმარების პროგრამებს, თუმცა საჭიროა მათი აუცილებლობის ახსნა

Mark Schiefelbein/Agence France-Presse

აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) წარმომადგენლებს განუცხადა, რომ საგარეო დახმარება "მთავრობის ყველაზე არაპოპულარული დანახარჯი იყო" და რომ ამ მიმართულების დაცვა მისთვის სულ უფრო რთულია. 

New York Times-ის ინფორმაციით, გვატემალაში აშშ-ს საელჩოში შეხვედრისას, რომელსაც ჟურნალისტები არ ესწრებოდნენ, რუბიო ცდილობდა ტრამპის მხრიდან სააგენტოს თანამშრომლების ადმინისტრაციულ შვებულებაში გაშვების გადაწყვეტილების მიზეზები აეხსნა. 

გამოცემა მათ მიერ მოპოვებულ არასრულ ტრანსკრიპტზე დაყრდნობით წერს, რომ მიუხედავად სახელმწიფო მდივნის ბოლოდროინდელი განცხადებებისა, შეხვედრისას მის საუბარში სააგენტოსადმი თანაგრძნობა იგრძნობოდა.

გვატემალაში USAID-ის მისიის დირექტორის, ჰევენ კრუზ-ჰაბარდის დასმულ კითხვაზე პასუხის გაცემისას რუბიომ საგარეო დახმარებას "აუცილებელი" უწოდა, თუმცა ასევე ხაზი გაუსვა ტრამპის გადაწყვეტილების მნიშვნელობას სააგენტოს დაშლასთან დაკავშირებით.

"ვიცი, რომ რთულია მოითხოვო მოთმინება. ვიცი, რომ რთულია მოითხოვო ნდობა, რადგან ჩვენ არასდროს შევხვედრილვართ, მე აქამდე არასდროს ვყოფილვარ სახელმწიფო დეპარტამენტის ხელმძღვანელი და არასდროს ვყოფილვარ USAID-ის ადმინისტრატორი". - განაცხადა რუბიომ დახურულ შეხვედრაზე.

მან აღნიშნა, რომ სააგენტო, რომელიც სახელმწიფო დეპარტამენტისგან დამოუკიდებელია, უკვე ექვემდებარებოდა გადახედვას, სანამ ის ამ თანამდებობას დაიკავებდა. 

კრუზ-ჰაბარდმა, რომელიც სააგენტოში 23-ე წელია მუშაობს, რუბიოს განუცხადა, რომ სააგენტოს თანამშრომლები "ბევრ კრიტიკას იღებენ, იმ შრომისა და მსხვერპლის გამო, რომელსაც აშშ-ს ინტერესების მსახურებისთვის ეწევიან".

"ახლა ვხედავთ პერსპექტივას, რომ სახლში დავბრუნდეთ". - თქვა ჰაბარდმა. 

სახელმწიფო მდივანმა განაცხადა, რომ სააგენტოს პროგრამები გვატემალაში დასაფასებელია, თუმცა ასე არ არის ყველგან. მან კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ საგარეო დახმარების პროგრამები აშშ-ს ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებთან თანხვედრაში უნდა იყოს.

რუბიომ ასევე აღნიშნა, რომ საჯარო წინააღმდეგობამ, საგარეო დახმარებასთან დაკავშირებით,  სააგენტოს დაცვა პრაქტიკულად შეუძლებელი გახდა.

"მე ბევრ დროს ვხარჯავდი ჩემი კარიერის განმავლობაში საგარეო დახმარების დაცვასა და მისი აუცილებლობის ახსნაზე, მაგრამ ეს სულ უფრო რთული ხდება". - თქვა რუბიომ.

სააგენტოს თანამშრომლებთან საუბრისას მან ხაზი გაუსვა, რომ შეერთებული შტატები არ ტოვებს საგარეო დახმარების პროგრამებს, თუმცა ეს უნდა იყოს ისეთი პროგრამები, რომელთა აუცილებლობის ახსნა და დაცვაც შესაძლებელი იქნება. რუბიოს თქმით, წინააღმდეგ შემთხვევაში საგარეო დახმარებას "საფრთხე ექმნება".

მისი თქმით, ადმინისტრაციის დრამატული ნაბიჯები მცირე რაოდენობის თანამშრომლების ქმედებებით იყო გამოწვეული. 

"ჩვენ გვქონდა პრობლემა რამდენიმე ადამიანთან ოფისში, თუმცა ეს ხომ არ ნიშნავს, რომ 5, 10, 20, 50 ადამიანის ქმედებებმა მთელი ორგანიზაციის დადანაშაულება გამოიწვია? არა. იყვნენ ადამიანები, რომლებიც ცდილობდნენ გადარიცხვების განხორციელებას, მიუხედავად იმისა, რომ მათ ამის გაკეთება აუკრძალეს". - თქვა მარკო რუბიომ.

სახელმწიფო მდივნის განცხადებით, თანამშრომლები თავადვე ცდილობენ პრობლემებში გახვევას, რათა შემდგომ ამისგან ახალი ამბები შექმნან.

"ეს არ არის ის, თუ როგორც ვაპირებდით ამ გეგმის განხორციელებას. შედეგად, მოგვიწია საპასუხოდ სხვა ნაბიჯების გადადგმა". - განაცხადა მან.

სახელმწიფო მდივნის პრესსპიკერს New York Times-ის მხრიდან კომენტარის გაკეთების თხოვნაზე არ უპასუხია.

კომენტარები