სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა პირველი მოსმენით ქართული ოცნების მიერ მხარდაჭერილ ადმინისტრაციულ და სისხლის სამართლის კოდექსებში შესატან ცვლილებებზე, რომელიც შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ კანონსაც ეხება, სამართლებრივი დასკვნის მოსამზადებლად ეუთო/ოდირს მიმართა.
"მითითებულ საკანონმდებლო პაკეტთან დაკავშირებით, სახალხო დამცველის მოწოდების მიუხედავად, პარლამენტი კვლავ დაჩქარებული წესით განიხილავს კანონპროექტს, რაც მასში სრულფასოვანი მონაწილეობისა და ჩართვის შესაძლებლობას არ იძლევა.
სახალხო დამცველი პარლამენტს მოუწოდებს, ეუთო/ოდირის დასკვნის გამოქვეყნებამდე, კანონპროექტს შემდგომი მსვლელობა არ მისცეს და იმედს გამოთქვამს, რომ ეუთო/ოდირის დასკვნა წარმოდგენილ კანონპროექტებთან დაკავშირებით, სრულად იქნება მხედველობაში მიღებული. ამასთან, მიღებული იქნება ყველა ზომა ადამიანის უფლებებზე ნეგატიური ეფექტების აღმოსაფხვრელად". - წერია სახალხო დამცველის აპარატის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
5 თებერვალს ივანიშვილის პარლამენტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა ადმინისტრაციულ და სისხლის სამართლის კოდექსებში ცვლილებებს. ცვლილებები ასევე ეხება შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ კანონსაც.