მაყურებლის კითხვაზე, ფიქრობს თუ არა, რომ ოპოტელემედია ცენზურას აწესებს განსხვავებულ აზრზე და ხელს უშლის პროტესტის სიჯანსაღეს, დროას ლიდერი ელენე ხოშტარია პასუხობს, რომ ვერანაირ ცენზურას ვერ ხედავს. ამის შესახებ ხოშტარიამ რადიო თავისუფლების LIVE-ში, ნასტასია არაბულის პოდკასტ 2150-ში ილაპარაკა.
"მე ვფიქრობ, რომ ოპოტელემედია არის ბრძოლის ერთერთი უმნიშვნელოვანესი, მათ შორის ცალკეული ჟურნალისტები, რომლებიც თავად არიან მსხვერპლნი ძალადობის... მე გამიხარდა, როცა პრეზიდენტმა დააჯილდოვა, მნიშვნელობა არ აქვს, შენ რომელი ოპოტელემედია მოგწონს, რომელი ჟურნალისტი მოგწონს, არ მოგწონს, ამაზე შეიძლება, იკამათო და შეიძლება, რაღაც კითხვები გქონდეს რომელიმე გადაცემასთან, მაგრამ ამ ვითარებაში, ოპოტელევიზიები ერთადერთი, რასაც იმსახურებენ, ეს არის მხარდაჭერა, აღფრთოვანება და მართლა იმის აღიარება, რომ ეს ტელევიზიები რომ არ იყოს და ესენი ასე რომ არ იბრძოდნენ, კიდევ სხვა ვითარებაში ვიქნებოდით.
ამიტომ, ვერანაირ ცენზურას მე ვერ ვხედავ. შეიძლება, ანალიზი გააკეთო, არ ვიცი, არის საშუალებები, ჰო? რაღაც მედიაჩექ... არ ვიცი, რაც ჰქვია, შეიძლება, ანალიზი გააკეთო, რამეს ხომ არ აკლებენ, ეს ნორმალურია ყველას მიმართ, ოპოზიციის მიმართ, ტელევიზიის მიმართ, მაგრამ ეს დამოკიდებულება, რომ ცუდად იქცევიან, კატეგორიულად არასწორი მგონია" - თქვა ხოშტარიამ.
ნასტასია არაბულის რეპლიკით, სავარაუდოდ, მაყურებელი გულისხმობდა არა ველზე გასულ ჟურნალისტებს, არამედ სარედაქციო გადაწყვეტილებებს - რამდენად ღიაა ყველანაირი განსხვავებული [აზრის] და სრული სიჭრელის საჩვენებლად სატელევიზიო სარედაქციო პოლიტიკები. დროას ლიდერმა აღნიშნა, რომ "არ ვიცი, კატეგორიულად არ ვიზიარებ".
"შეიძლება, ერთი მოგწონს, მეორე არ მოგწონს, მაგრამ კატეგორიულად არ ვიზიარებ, იმიტომ, რომ ის ველზე გასული ჟურნალისტიც საბოლოო ჯამში არის ამ საერთო... მთლიანობაში ტელევიზია შვება ამას, ამიტომ აბსოლუტურად არ ვიზიარებ. რაღაცა ტენდენცია არის ხოლმე ჩხიკინის ამ ტელევიზიებთან და კატეგორიულად არ ვეთანხმები ამას" - აღნიშნა ხოშტარიამ.





