შვედეთის ქალაქ ერებრუში ზრდასრულთა განათლების ერთ-ერთ მუნიციპალურ ცენტრში სროლის შედეგად დაახლოებით 10 ადამიანი, მათ შორის, მსროლელი დაიღუპა.
დაშავებულები საავადმყოფოში არიან გადაყვანილნი. ამჟამად, სულ მცირე, 4 ადამიანს ოპერაციები უტარდება.
ერებრუს უნივერსიტეტის საავადმყოფოს ინფორმაციით, ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრილ 5 ადამიანს და "მცირე დაზიანებების მქონე" ერთ ადამიანს უმკურნალეს.
მსროლელმა კაცმა თავი მოიკლა. პოლიციის თქმით, მისი მოტივი ჯერჯერობით გაურკვეველია და ის, სავარაუდოდ, მარტო მოქმედებდა.
პოლიციის ინფორმაციით, თავდამსხმელს ტერორისტული მოტივი არ ჰქონია.
შვედეთის პრემიერმინისტრმა, ულფ კრისტერსონმა თავდასხმა "შვედეთის ისტორიაში ყველაზე ცუდ მასობრივ სროლად" შეაფასა.
"რთულია დღეს მომხდარის სიდიდის აღქმა". - თქვა კრისტერსონმა.
კრისტერსონმა ასევე თქვა, რომ მომდევნო დღეებში პოლიცია და შვედეთის მთავრობა მეტ ინფორმაციას გაავრცელებს.
მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ შვედეთის ქალაქ ერებრუში, ზრდასრულთა განათლების ერთ-ერთ მუნიციპალურ ცენტრში, სულ მცირე, 5 ადამიანს ცეცხლსასროლი იარაღით ესროლეს.
სროლა ზრდასრულთა საგანმანათლებლო ცენტრში, Komvux-ში მოხდა. ცენტრი იმ ზრდასრული პირებისთვისაა, რომლებსაც დაწყებითი ან საშუალო სკოლა არ დაუმთავრებიათ.