პოლიტიკური პარტია გირჩი ბათუმელებისა და ნეტგაზეთის დამფუძნებლის მზია ამაღლობელის პატიმრობასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და მის გათავისუფლებას მოთხოვს.
როგორც პარტია წერს, მზია ამაღლობელის ქმედებას არ შეეძლო საფრთხე შეექმნა ირაკლი დგებუაძის ჯანმრთელობისთვის.
"ჩვენ მოვითხოვთ მზია ამაღლობელის გათავისუფლებას, რადგან მის ქმედებას არ შეეძლო კონკრეტული ადამიანის ჯანმრთელობისთვის რაიმე საფრთხე შეექმნა, განსაკუთრებით იმ გარემოებაში, როდესაც ადგილი ჰქონდა არა ფიზიკურ თავდასხმას, არამედ უბრალოდ სილის გაწვნას, რომელიც ცხადად სიმბოლურ ხასიათს ატარებდა.
პოლიციელის მუნდირისა და სახელმწიფოს უპატივცემულობაზე ყურადღების გამახვილებით, ხელისუფლება იმეორებს კომუნისტური ეპოქის მიდგომებს, ხოლო ხუთწლიანი პატიმრობის მუქარა, სილის გაწვნისთვის, არა მხოლოდ გადაჭარბებულია, არამედ უფრო ღრმა ეთიკურ, სამართლებრივ და სისტემურ პრობლემებზე მიუთითებს, რაც კიდევ ერთხელ და ნათლად აჩვენებს, რომ მთელი სასამართლო და ძალოვანი სისტემა ხელისუფლების ჯიბეში ზის და გამოიყენება მმართველი ძალის დასაცავად. ამიტომ, საქართველოში სამართლებრივი სისტემა სერიოზულ რეფორმას საჭიროებს" - წერს პარტია.
მზია ამაღლობელი 21-ე დღეა ციხეში შიმშილობს.
მზია ამაღლობელი ბათუმის პოლიციის უფროსის, ირაკლი დგებუაძეზე თავდასხმის ბრალდებით 11 იანვარს დააკავეს. 14 იანვარს ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ნინო სახელაშვილმა პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. დაცვის მხარე 100 000-ლარიანი გირაოთი გათავისუფლებას ითხოვდა.
ბო*იშვილი ვიყო, სისხლით დავიჭერ - კადრები, სადაც სავარაუდოდ დგებუაძე ამაღლობელს ემუქრება
"მომეტებულად საბუთდება ბრალდებულის მხრიდან ახალი დანაშაულებრივი ქმედების ჩადენისა და მტკიცებულებების განადგურების საფრთხე". - თქვა მოსამართლემ.
საქმეზე წინასასამართლო სხდომა ბათუმის საქალაქო სასამართლოში 4 მარტს, 11:00 საათზე ჩაინიშნა.
მზია ამაღლობელი პირველად 11 იანვარს ადმინისტრაციული წესით დააკავეს, როცა მან აჭარის პოლიციის სამმართველოს შესასვლელის ღობეზე გააკრა სტიკერი 15 იანვარს დაგეგმილ საყოველთაო გაფიცვასთან დაკავშირებით. დაკავებისას მზია ამაღლობელისთვის არავის განუმარტავს დაკავების საფუძველი და სამართლებრივი ნორმები, რასაც პოლიციას კანონმდებლობა ავალდებულებს.
ბათუმელების დირექტორი მზია ამაღლობელი ხელწერილით გამოუშვეს და ხელახლა დააკავეს
მეორედ დაკავების შემდეგ, ბათუმელებისა და ნეტგაზეთის დამფუძნებლისა და დირექტორის, მზია ამაღლობელის წინააღმდეგ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც პოლიციელზე, სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურეზე ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენელზე ანდა საჯარო დაწესებულებაზე თავდასხმის ბრალდებას და 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს.
დაკავების შემდეგ, ამაღლობელს დგებუაძემ შეაფურთხა, სცადა, ფიზიკურად გასწორებოდა - საია
ბათუმელების ცნობით, მზია ამაღლობელთან 3 საათის განმავლობაში არ უშვებდნენ ადვოკატებს და, ასევე, უცნობი იყო, რა მუხლით იყო ის დაკავებული. იგი მოინახულა სახალხო დამცველის წარმომადგენელმა აჭარაში, რომელსაც მზია ამაღლობელმა უთხრა, რომ დაკავების შემდგომ ადგილი ჰქონდა არასათანადო მოპყრობას.
"დაკავების შემდეგ მზია ამაღლობელის მიმართ ადგილი ჰქონდა არასათანადო მოპყრობას, რასაც ასევე კრიტიკული მედიის მიმართ ანგარიშსწორებად და სამაგალითო დასჯად მივიჩნევთ." - განაცხადეს დამოუკიდებელი მედიასაშუალებების, პროფესიული და მედიის უფლებების დამცველი ორგანიზაციების წარმომადგენლებმა.





