ჰამას-ისრაელის 2023-25 წლის ომი

ჰამასმა ისრაელს მძევლად აყვანილი სამხედრო, აგამ ბერგერი გადასცა

აგამ ბერგერის გათავისუფლება

ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ფარგლებში, ჰამასმა ისრაელს მორიგი მძევალი, ისრაელის თავდაცვის ძალების (IDF) სამხედრო, აგამ ბერგერი გადასცა.

არსებული სისტემის შესაბამისად, ჰამასმა მძევალი ჯერ წითელ ჯვარს გადასცა, საერთაშორისო ორგანიზაციამ კი ისრაელის ძალებს. ბერგერს საზღვრის მიმდებარე სამხედრო დაწესებულებაში გამოკვლევებს ჩაუტარებენ. IDF-ის ბაზაზე ახალგაზრდა ქალი საკუთარ მშობლებს შეხვდება.

ქალი სამხედრო ჰამასის ტყვეობაში 482 დღის განმავლობაში იმყოფებოდა.

მძევლებისა და პატიმრების გაცვლის ფარგლებში ისრაელში აქამდე 7 მძევალი ქალი დაბრუნდა. ისრაელმა 200 პალესტინელი პატიმარი გაათავისუფლა.

19 იანვარს, ღაზის სექტორში ისრაელსა და ჰამასს შორის დადებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება თითქმის 3 საათის დაგვიანებით ამოქმედდა. აღნიშნულ შეთანხმებას მხარეებმა 15 იანვარს მიაღწიეს.

შეთანხმება სამ ეტაპს მოიცავს, პირველ ეტაპზე, რომელიც ექვსი კვირის განმავლობაში გაგრძელდება, ჰამასი 33 ისრაელელ მძევალს გაათავისუფლებს, მათ შორის ქალებს (სამხედრო და სამოქალაქო პირებს), ბავშვებს და 50 წელს გადაცილებულ კაცებს, ისრაელი კი პირველი ფაზის ბოლომდე ციხეებში დაკავებულ პალესტინელ ქალებსა და 19 წლამდე ბავშვებს გაათავისუფლებს. 

კომენტარები