ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა, კიმ ჩენ ინმა ბირთვული მასალის საწარმო ქარხანაში ვიზიტის დროს თქვა, რომ "მტრულ" ქვეყნებთან "დაპირისპირება გარდაუვალია" და ქვეყნის ბირთვული პოტენციალის გაძლიერებისკენ მოუწოდა.
ამის შესახებ ჩრდილოეთ კორეის სახელმწიფო მედია, კორეის ცენტრალური საინფორმაციო სააგენტო (KCNA) წერს.
"ჩრდილოეთ კორეის დემოკრატიული რესპუბლიკის უსაფრთხოების მდგომარეობა, მსოფლიოში ყველაზე არასტაბილური სიტუაცია, როდესაც ყველაზე სასტიკ მტრულ ქვეყნებთან გრძელვადიანი დაპირისპირება გარდაუვალია, ქვეყნისთვის აუცილებელს ხდის, რომ სტაბილურად გააძლიეროს ბირთვული ფარი, რომელსაც არა მხოლოდ სხვადასხვა არსებულ საფრთხესთან სტრატეგიული გამკლავება, არამედ ახალი შესაძლო უსაფრთხოების საფრთხეებთან გამკლავებაც შეეძლება". - თქვა კიმ ჩენ ინმა KCNA-ის მიხედვით.
მანამდე, ტრამპმა Flox News-ისთვის მიცემულ ინტერვიუში თქვა, რომ კიმ ჩენ ინი და ის ერთმანეთს "ეწყობიან" და რომ მას დაუკავშირდებოდა.
სამხრეთკორეულ საინფორმაციო სააგენტო Yonhap-ის კითხვის საპასუხოდ, თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სპიკერმა, ბრაიან ჰიუზმა თქვა, რომ ტრამპის ადმინისტრაციას, მისი პირველი ვადის მსგავსად, ამჯერადაც ჩრდილოეთ კორეის სრული ბირთვული განიარაღება სურს.
ცნობისთვის, ტრამპი თავისი პირველი ვადის დროს კიმ ჩენ ინთან პირისპირ მოლაპარაკებებს აწარმოებდა, რომლებიც საბოლოოდ ჩაიშალა. ტრამპი ჩრდილოეთ კორეის ლიდერს პირისპირ სამჯერ შეხვდა - სინგაპურის სამიტზე, ჰანოის სამიტსა და სამხრეთ და ჩრდილოეთ კორეას შორის დემილიტარიზებულ ზონაში.
ჰანოის სამიტზე კიმმა და ტრამპმა შეთანხმებას ვერ მიაღწიეს, რის მიზეზადაც ტრამპმა სანქციებზე უთანხმოება დაასახელა. მოგვიანებით, სატელიტურ სურათებში ჩანდა, რომ ჩრდილოეთ კორეამ აღადგინა ბაზა, რომელიც სინგაპურის სამიტის შეთანხმების შემდეგ დაშალა.
KCNA-ს მიხედვით, 2024 წლის ნოემბერში კიმ ჩენ ინმა იარაღის გამოფენაზე აშშ-ს "უცვლელი" მტრული დამოკიდებულების შესახებ ისაუბრა.
"აშშ-სთან მოლაპარაკებებით უკვე იმდენს მივაღწიეთ, რამდენიც შეგვეძლო და საბოლოოდ რაც დავადასტურეთ იყო არა თანაარსებობის მზაობა სუპერძალის მხრიდან, არამედ მისი მხრიდან ძალის უკომპრომისო პოზიცია და ჩრდილოეთ კორეის მიმართ უცვლელი დამპყრობლური და მტრული პოლიტიკა". - თქვა კიმმა სახელმწიფო მედიის მიხედვით.





