აზერბაიჯანი-საქართველო

ალიევი: აშშ საქართველოში ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის გაყვანის წინააღმდეგი იყო

ილჰამ ალიევის თქმით, ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის საქართველოს მონაკვეთის გაყვანას აშშ ეწინააღმდეგებოდა.

"დიდ წინააღმდეგობას წავაწყდით, როდესაც ამ პროექტზე მუშაობა დავიწყეთ. ახლა შემიძლია ამის შესახებ ვისაუბრო. განსაკუთრებით წინააღმდეგი იყო აშშ. მიზეზი კი მათი პროსომხური პოლიტიკაა, ეს პროექტი სომხეთზე შემოვლით კეთდებოდა". – თქვა ალიევმა.

აზერბაიჯანის პრეზიდენტის მტკიცებით, წინა ხელისუფლებასთან შეთანხმებას ვერ მიაღწია და რამდენიმეწლიანი მოლაპარაკებების შემდეგ, მოქმედ ხელისუფლებასთან შეძლო გარიგება.

ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალის აშენების თაობაზე საუბარი 1993 წელს დაიწყო. 1996 წელს თურქეთისა და საქართველოს პრეზიდენტებმა თურქეთი-ყარსის სარკინიგზო მშენებლობის დეკლარაციას მოაწერეს ხელი. 

პროექტის განხორციელება 2007 წელს, სამმხრივი ხელშეკრულების ხელმოწერის შემდეგ დაიწყო. რკინიგზის მშენებლობის ვადა რამდენჯერმე ფინანსური, რელიეფური და პოლიტიკური სიძნელეების გამო გადაიდო. 

ბაქო-თბილისი-ყარსის მაგისტრალის საბოლოოდ 2017 წლის 30 ოქტომბერს გაიხსნა.

კომენტარები