ოკუპირებული აფხაზეთი

ბგანბა პუტინს: ცრუ ინფორმაციის გავრცელებამ შესაძლოა აფხაზურ-რუსული ურთიერთობა დააზიანოს

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტის მოვალეობის დროებითი შემსრულებელი, ვალერი ბგანბა ვლადიმირ პუტინისადმი გაგზავნილ წერილს აქვეყნებს. წერილში გამოთქმულია უკმაყოფილება რუსულ მედიაში ოკუპირებულ რეგიონში არსებულ ვითარების გაშუქებასთან დაკავშირებით.

ბგანბა წერილში ამბობს, რომ ამჟამინდელი "რთული პოლიტიკური სიტუაცია" წინა ე.წ. ხელისუფლებისა და პოლიტიკური ელიტის ბრალია.

ბგანბა წერილში ასევე წერს, რომ მოახლოებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში ყველა კანდიდატი დადებითადაა განწყობილი რუსეთის მიმართ.

"პრეზიდენტობის კანდიდატები ერთსულოვნად გამოხატავენ რუსეთის ფედერაციასთან ძმური ურთიერთობის განვიტარებისა და გამყარების მხარდაჭერას. ჩვენს საზოგადოებაში არსებობს მტკიცე კონსენსუსი ამ საკითხთან დაკავშირებით, რომელიც არჩევნების შედეგების მიუხედავად უცვლელი დარჩება. წინასაარჩევნო რბოლის ყველა მონაწილე იაზრებს, რომ რუსეთთან მეგობრობა და ახლო თანამშრომლობა არის უმნიშვნელოვანესი ჩვენი ქვეყნის სტაბილურობისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. ჩვენ გულითადად ვუხდით მადლობას რუსეთს ყოველმხრივი მხარდაჭერისა და ჩვენი მეგობრული ურთიერთობის უნიკალური ფორმატისთვის." - წერია წერილში.

თუმცა ამ მონაკვეთის შემდეგ ბგანბა პუტინს ეუბნება, რომ შეშფოთებულია იმით, თუ როგორ აშუქებენ აფხაზეთის მოვლენებს ზოგიერთ რუსულ მედიასაშუალებაში.

"ამავდროულად სერიოზულ შეშფოთებას იწვევს პოლიტიკური დისკურსი, რომელიც ზოგიერთ რუსულ მასობრივი ინფორმაციის საშუალებაში ყალიბდება. საკმარისი საფუძვლის გარეშე ირწმუნებიან, რომ აფხაზეთში არსებობენ ძალები, რომლებიც რუსეთთან ჩვენი ურთიერთობების გაწყვეტისკენ ისწრაფვიან." - წერია წერილში.

ბგანბას თქმით, მსგავსმა მიდგომამ შესაძლოა ოკუპირებულ აფხაზეთსა და რუსეთს შორის ურთიერთობა გააუარესოს.

"მცდელობები, გაყონ კანდიდატები "პრორუსებად" და "ანტირუსებად", ქმნის დამახინჯებულ წარმოდგენებს ჩვენს საზოგადოებაზე და შესაძლოა ცუდად აისახოს აფხაზურ-რუსულ მეგობრობაზე." - წერია წერილში. 

"აფხაზი ერი მუდამ იჩენდა ერთგულებას სამოკავშირეო ვალდებულებებისადმი. ჩვენ ვართ რუსეთის საიმედო პარტნიორი კოლექტიურ დასავლეთთან წინააღმდეგობაში. სპეციალური სამხედრო ოპერაციის პირველი დღეებიდან ჩვენ მხარს ვუჭერთ მის მიზნებსა და ამოცანებს, ჩვენი თანამემამულეები კი 2014 წლიდან აქტიურად იცავენ "რუსულ მსოფლიოს" დონბასში." - წერს ბგანბა. 

წერილის ბოლოს ბგანბა პუტინს ეუბნება, რომ ცრუ ინფორმაციის გავრცელებამ შესაძლოა საფრთხე შეუქმნას მათ ორმხრივ ურთიერთობებს და მას სთხოვს, რომ მსგავსი შემთხვევების წინააღმდეგ იმოქმედოს. 

"ღმად პატივცემულო ვლადიმირ ვლადიმიროვიჩ! ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ვთვლი, რომ ცრუ ინფორმაციის შემდგომმა გავრცელებამ და ნეგატიური ფონის ხელოვნურმა გამწვავებამ შესაძლოა ზიანი მიაყენოს ჩვენს დაძმობილებულ ერებს შორის არსებულ სანდო ურთიერთობას. ამასთან დაკავშირებით, გთხოვთ გაგვიწიოთ სრული თანამშრომლობა იმ პროცესების დაუშვებლობაში, რომლებმაც შესაძლოა ნეგატიურად იმოქმედოს აფხაზეთსა და რუსეთს შორის არსებულ მრავალწლიან ურთიერთობაზე. ვისარგებლებ შემთხვევით და გამოვხატავ გულწრფელ მადლიერებას აფხაზი ხალხის მხარდაჭერისთვის." - წერია წერილში.

კომენტარები