ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერება

კარგი გადაწყვეტილებაა, პოლონეთმა მხარი დაუჭირა - გებალი დიპ.პასპორტებისთვის უვიზოს შეჩერებაზე

საქართველოში პოლონეთის საელჩოს ხელმძღვანელმა, არტურ გებალიმ ევროკავშირის საბჭოს მიერ ქართველი დიპლომატებისა და ოფიციალური პირებისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერებაზე ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა., 

როგორც გებალიმ განმარტა ამ საკითხზე პოლონეთი ევროპული ქვეყნების კონსენსუსს შეუერთა.

"დიპლომატიური პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერების შესახებ გადაწყვეტილებას მხარს ვუჭერთ. ვფიქრობთ, რომ ეს კარგი გადაწყვეტილებაა და ამჟამინდელ ვითარებას კარგად ასახავს. ასევე, ვფიქრობთ, რომ ეს სიმბოლური ჟესტია ევროკავშირის მხრიდან და პირველი ნაბიჯია, რომელსაც ჩვენ მხარი დავუჭირეთ.

როგორც თავმჯდომარე ქვეყანა, ჩვენ შუამავლის როლი გვაქვს და ამიტომ ევროკავშირის მოქმედებებს მხარს ვუჭერთ. ამ ეტაპზე დამატებითი ნაბიჯების შესახებ ინფორმაცია არ მაქვს, თუმცა ევროკავშირში დისკუსიები გრძელდება.

ჩვენ ვაიმარის სამკუთხედის ქვეყნებთან ერთად, საფრანგეთთან და გერმანიასთან ერთად, გასული წლის ბოლო დღეს განცხადება გავავრცელეთ, რომელშიც მწუხარება გამოვხატეთ საქართველოს ხელისუფლების მიერ ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების შეჩერებასთან დაკავშირებით და რეპრესიები დავგმეთ. ჩვენ ამის გაკეთებას ვაგრძელებთ.

ჩვენ ქართველი ხალხის გვერდით ვდგავართ და დემოკრატიისთვის, ევროპული ღირებულებებისთვის და ევროკავშირში გაწევრიანებისთვის ბრძოლაში მათ მხარს ვუჭერთ" - თქვა IPN-ის ცნობით, საქართველოში პოლონეთის საელჩოს ხელმძღვანელმა.

პოლონეთი ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანაა.

კომენტარები