კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა

რუანდის მიერ მხარდაჭერილი ამბოხებულები კონგოს ქალაქ გომაში შევიდნენ

რუანდის მიერ მხარდაჭერილი ამბოხებულები კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის აღმოსავლეთ ნაწილში, საზღვართან მდებარე ყველაზე დიდ ქალაქ გომაში შევიდნენ. გაეროს ცნობით, ამბოხებულებს ეხმარებოდნენ, სულ მცირე, რამდენიმე რუანდელი ჯარისკაცი.

გამოცემა Reuters-ის შეფასებით, ეს კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკასა და რუანდას შორის ათზე მეტი წლის განმავლობაში მიმდინარე კონფლიქტის ყველაზე მკვეთრი ესკალაციაა.

ამბოხებულთა გაერთიანებამ, რომელსაც 23 მარტის მოძრაობის (M23) სამხედრო დაჯგუფება ხელმძღვანელობს, აიღო 2 მილიონი ადამიანით დასახლებული ქალაქი, რომელიც მილიონზე მეტი იძულებით გადაადგილებული პირის თავშესაფარია და რუანდასთან საზღვარზე მდებარეობს.

Reuters-ს 23 მარტის მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა დაუდასტურა, რომ მათი ძალები ქალაქ გომას აკონტროლებენ.

მანამდე, კონგოს მთავრობის ერთ-ერთი მინისტრი აცხადებდა, რომ კონგოს არმია გომას 80%-ს აკონტროლებდა და ამბოხებულებმა მხოლოდ ქალაქის შემოგარენში და საზღვრის მიმდებარედ შეძლეს შემოსვლა, თუმცა, პარალელურად, კონგოს ხელისუფლების ანონიმური წარმომადგენელი ამბობდა, რომ ამბოხებულები ქალაქის 90%-ს აკონტროლებდნენ.


Associated Press-ის ცნობით, 23 მარტის მოძრაობის (M23) ამბოხებულთა შეიარაღებული დაჯგუფების იერიში რეგიონში აფრიკის ყველაზე ხანგრძლივი ომის მკვეთრი გაუარესების საფრთხეს ქმნის, რასაც, დიდი ალბათობით, დამატებითი უბედურება მოჰყვება მაშინ როცა, რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ჰუმანიტარული კრიზისი დგას და მილიონობით ადამიანი იძულებით გადაადგილებული პირია.

25 იანვარს კონგომ ურთიერთობა შეწყვიტა რუანდასთან, რომელიც უარყოფს M23-ის ამბოხებულების მხარდაჭერას. ამასთანავე, ბოლო კვირის მანძილზე გახშირებულ ძალადობას, სულ მცირე, 13 მშვიდობისმყოფელი ემსხვერპლა, ხოლო კონგოს მოსახლეობა ძალადობისგან თავის არიდებას გაქცევით ცდილობს.

M23-მა ბოლო დღეებში მნიშვნელოვნად წაიწია წინ კონგო-რუანდის საზღვარზე მას შემდეგ, რაც ბოლო თვეებში მშვიდობის დამყარების რეგიონული მცდელობები უშედეგოდ დასრულდა. 26 იანვარს ამბოხებულებმა კონგოს არმიას მოუწოდეს, რომ იარაღი დაყარონ და ადგილობრივ სტადიონზე დილის 3 საათისთვის გამოცხადდნენ, წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი ქალაქის აღებით დაიმუქრნენ.

გაეროს სპეციალური წარმომადგენლის თქმით, კონგოს შეიარაღებული ძალებისადმი გაეროს მშვიდობისმყოფელების მხარდაჭერის მიუხედავად, M23 და რუანდას ძალები ქალაქ გომის შემოგარენში, მუნიგის სამეზობლოში, შევიდნენ, რამაც "მასობრივი პანიკა" გამოიწვია. აღნიშნული სამეზობლო ქალაქ გომიდან 9 კილომეტრის დაშორებითაა.

გაეროს სპეციალურმა წარმომადგენელმა დაამატა, რომ M23-ის მებრძოლები იერიშის დროს მცხოვრებლებს "ცოცხალ ფარად" იყენებენ.

ამავდროულად, აშშ-მ და საფრანგეთმა მხარეებს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დადებისკენ მოუწოდეს და რუანდას M23-ისადმი მხარდაჭერის შეწყვეტა სთხოვეს.

კომენტარები