კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა

კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში გადატრიალების მცდელობისთვის 37 პირს სიკვდილი მიუსაჯეს

მარცხნიდან მარჯვნივ: ბენჟამინ ზალმან-პოლუნი, მარსელ მალანგა და ტაილერ ტომპსონი, რომლებსაც კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის ბრალდებით სიკვდილი მიუსაჯეს
Reuters

კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკაში სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის ბრალდებით 37 ადამიანს სიკვდილი მიუსაჯეს. სიკვდილმისჯილთა შორის არინ ბელგიის, კანადისა და გაერთიანებული სამეფოს მოქალაქეები და აშშ-ს 3 მოქალაქე.

გადატრიალებასთან დაკავშირებით სამხედრო სასამართლოზე ჯამში 51 ადამიანი გასამართლდა, რომელთაგან 14 უდანაშაულოდ გამოცხადდა და გაათავისუფლეს.

მსჯავრდადებულებს გადაწყვეტილების გასასაჩივრებლად 5 დღე აქვთ.

ქრისტიან მალანგა, რომელსაც შეთქმულების ხელმძღვანელობა ედება ბრალად, თავდასხმის დროს 5 სხვა მონაწილესთან ერთად მოკლეს.

სიკვდილმისჯილთა შორის მალანგას შვილი, მარსელია, რომელსაც აშშ-ს მოქალაქეობა აქვს. მან სასამართლოზე თქვა, რომ გადატრიალებაში მონაწილეობაზე უარის თქმის შემთხვევაში მამამისი მოკვლით დაემუქრა.

აშშ-ს ერთ-ერთი მოქალაქე, ტაილერ ტომპსონი, რომელსაც სიკვდილი მიუსაჯეს, მარსელ მალანგას მეგობარია, რომელსაც ის აშშ-დან იცნობს. ტომპსონის ოჯახის წევრებმა BBC-სთან საუბრისას თქვეს, რომ "წარმოდგენა არ ჰქონდათ", კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში როგორ აღმოჩნდა.

"სრულ შოკში ვიყავით მომხდარისა და იმის გამო, რაც არ ვიცოდით. ყველაფერს Google-იდან ვიგებდით". - თქვა ტომპსონის გერმა დედამ.

მესამე სიკვდილმისჯილი აშშ-ს მოქალაქე ბენჟამინ ზალან-პოლუნია, რომელსაც ქრისტიან მალანგასთან საერთო ბიზნეს ინტერესები აკავშირებდა.

სიკვდილი ასევე მიუსაჯეს ბელგიისა და კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის ორმაგი მოქალაქეობის მქონე რეგიონული პოლიტიკისა და უსაფრთხოების მკვლევარს, ჟან-ჟაკ ვონდოს. Human Rights Watch-ის თანახმად, გადატრიალების მცდელობაში მისი მონაწილეობის მტკიცებულებები არადამაკმაყოფილებელია.

სიკვდილით დასჯას კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში დე ფაქტო მორატორიუმი ადევს - ქვეყანაში 2003 წლიდან სიკვდილმისჯილთა განაჩენი არ აღესრულება და მათ ძირითადად უვადო პატიმრობა ეფარდებათ. თუმცა, 2024 წლის მარტში ხელისუფლებამ გამოაცხადა, რომ სიკვდილით დასჯის პრაქტიკას დააბრუნებდნენ.

სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა 19 მაისს დედაქალაქ კინშასაში მოხდა. თავდაპირველად, 20-მდე შეიარაღებულმა პირმა იერიში პარლამენტის სპიკერის, ვიტალ კამერჰეს სახლზე მიიტანა, შემდეგ კი პრეზიდენტის რეზიდენციისკენ გადაინაცვლეს, სადაც დამარცხდნენ.

ადგილობრივი მედია გადატრიალებას ახალი ზაირის მთავრობას უკავშირებს, რომელსაც ქვეყნიდან გაძევებული ქრისტიან მალანგა მეთაურობდა.

კომენტარები