კოალიცია ცვლილებისთვის და კოალიცია ერთიანობა ნაციონალური მოძრაობა ქონებრივი დეკლარაციების შევსებაზე უარს ამბობენ.
კოალიცია ცვლილებისთვის გავრცელებულ განცხადებაში წერს, რომ არ აღიარებს 26 დეკემბრის არჩევნებს და შესაბამისად, არ აპირებენ ქონებრივი დეკლარაციების შევსებას:
“კოალიცია ცვლილებისთვის არ ვაღიარებთ რუსულ სტილში გაყალბებულ 26 ოქტომბრის არჩევნებს და არ ვცნობთ ე.წ. პარლამენტის ლეგიტიმურობას. სწორედ ამიტომ, ჩვენ უარი განვაცხადეთ საპარლამენტო მანდატებზე, დაფინანსებაზე და სხვა პრივილეგიებზე.
აქედან გამომდინარე, ჩვენი კოალიციის ერთიანი პოზიციაა, არ შევავსოთ თანამდებობის პირის დეკლარაციები. გამჭვირვალეობის პრინციპებისა და კანონის მოთხოვნების დაცვით, ჩვენი, როგორც პარლამენტის წევრობის კანდიდატების დეკლარაციები შევსებულია 2024 წლის არჩევნებამდე.
ახლა, ჩვენი სამშობლოსთვის ამ ისტორიულ მომენტში თითოეული ჩვენგანის ვალია, გაგრძელდეს არაღიარების პოლიტიკაზე მუშაობა და ქართველ ხალხთან ერთად პოლიტიკური პატიმრების თავისუფლებისა და ახალი და სამართლიანი არჩევნების მიღწევა". - ნათქვამია კოალიციის განცხადებაში.
რაც შეეხება კოალიცია ერთიანობა - ნაციონალურ მოძრაობას, პარტიის ლიდერებმა დღეს კიდევ ერთხელ მიმართეს პარლამენტს შეუწყდეთ დეპუტატის უფლებამოსილება. როგორც ისინი აცხადებენ, 26 ოქტომბრის არჩევნებს არ აღიარებენ:
"ანტიკორუფციულმა ბიურომ მოგვმართა, რომ უნდა წარგვედგინა ჩვენი ქონებრივი დეკლარაცია, როგორც ე.წ. პარლამენტის წევრებს. ჩვენ არაერთხელ განგვიცხადებია, რომ არანაირი მონაწილეობის მიღებს არ ვაპირებდით, არ ვაპირებთ და არც მომავალში დავაპირებთ.
ჩვენ არასდროს არ ვყოფილვართ წინააღმდეგი იმის, რომ გამჭვირვალე ყოფილიყო ჩვენი ქონებრივი დეკლარაციები, მათ შორის, რამდენიმე თვის წინ გვაქვს წარდგენილი იმავე ბიუროსთვის ჩვენი ქონებრივი დეკლარაციები.
ჩვენ არანაირი ნიშნით არ ვართ ე.წ. პარლამენტის წევრები, არც ვაპირებთ მომავალში ვიყოთ". - თქვა ირაკლი ფავლენიშვილმა.
განსხვავებული პოზიცია აქვს კოალიცია ძლიერ საქართველოს, რომელმაც ქონებრივი დეკლარაციები შეავსო. როგორც პარტიაში განმარტავენ, დეკლარაციები შეავსეს, რადგან ანგარიშვალდებულები არიან ხალხის წინაშე.