CNN-ის ინფორმაციით, კოლუმბიის პრეზიდენტი გუსტავო პეტრო აშშ-დან დეპორტირებული მიგრანტების რეპატრიაციისთვის ამერიკას პრეზიდენტის თვითმფრინავს სთავაზობს.
"ეს ზომა პასუხია მთავრობის ვალდებულებაზე, უზრუნველყოფილი იყოს ღირსეული პირობები". - წერია კოლუმბიის პრეზიდენტის განცხადებაში.
აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 26 იანვარს კოლუმბიისა და მისი მთავრობის წინააღმდეგ ტარიფები და სავიზო შეზღუდვები დააწესა მას შემდეგ, რაც კოლუმბიის პრეზიდენტმა უარი თქვა აშშ-დან გაგზავნილი ორი სამხედრო თვითმფრინავის მიღებაზე, რომელშიც დეპორტირებული მიგრანტები იმყოფებოდნენ.
- კოლუმბიამ აშშ-დან დეპორტირებული მიგრანტების ორი სამხედრო თვითმფრინავი არ მიიღო
-
ტრამპმა კოლუმბიას ტარიფები და სავიზო შეზღუდვები დაუწესა მიგრანტების მიღებაზე დავის გამო
კოლუმბიის პრეზიდენტმა X-ზე გავრცელებულ პოსტში მიგრანტების სამხედრო თვითმფრინავებით დეპორტაციის პრაქტიკა დაგმო და დაამატა, რომ მიგრანტებს ისე ეპყრობიან, როგორც კრიმინალებს. პეტრო წერდა, რომ დეპორტირებულ მიგრანტებს იმ შემთხვევაში მიიღებს, თუკი მათ ქვეყანაში სამოქალაქო თვითმფრინავებით ჩაიყვანენ. პეტრომ ასევე მიგრანტებისთვის ღირსებითა და პატივისცემით მოპყრობას გაუსვა ხაზი.
კოლუმბიის პრეზიდენტის გადაწყვეტილების შემდეგ Truth Social-ზე გავრცელებულ პოსტში ტრამპმა თქვა, რომ აშშ-ში გაყიდულ ყველა კოლუმბიურ პროდუქტზე საგანგებო 25%-იანი ტარიფის დაწესების ბრძანება გასცა, რაც ერთ კვირაში 50%-მდე გაიზრდება.
ამასთანავე, ტრამპმა კოლუმბიის მთავრობის მაღალჩინოსნების, "ყველა მოკავშირისა და მხარდამჭერის" წინააღმდეგ აშშ-ში შესვლაზე აკრძალვის დაწესება და ვიზების მყისიერი ჩამორთმევა მოითხოვა. ხოლო კოლუმბიის მთავრობის მხარდამჭერების, მმართველი პარტიის წევრებისა და მათი ოჯახის წევრების წინააღმდეგ სავიზო სანქციები დააწესა.
ტრამპის თქმით, "პეტროს მხრიდან ამ ფრენებზე უარის თქმა კითხვის ქვეშ აყენებს აშშ-ს ეროვნულ უსაფრთხოებასა და საზოგადოებრივ უსაფრთხოებას".
მანამდე, აშშ-დან სამხედრო თვითმფრინავებით დეპორტირებული მიგრანტების მიღებაზე მექსიკამაც თქვა უარი.
დეპორტაციის მიზნით ამერიკული სამხედრო თვითმფრინავების გამოყენება პენტაგონმა მას შემდეგ დაიწყო, რაც ტრამპმა იმიგრაციაზე 20 იანვარს საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. აშშ-მ ორი მსგავსი ფრენა 24 იანვარს გვატემალაშიც შეასრულა.