აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა დავოსის მსოფლიო ეკონომიკის ფორუმზე ვირტუალურად ჩართვის დროს კანადასთან სავაჭრო ურთიერთობებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ აშშ-ს კანადასთან დიდი სავაჭრო დეფიციტი აქვს, შესაბამისად, არ სჭირდება კანადაში დამზადებული მანქანები და ენერგეტიკული რესურსები.
"ჩვენ არ გვჭირდება, რომ მათ დაამზადონ ჩვენი მანქანები, ჩვენც ბევრს ვამზადებთ, არ გვჭირდება მათი ხეტყე, რადგან საკუთარი ტყეები გვაქვს. ჩვენ არ გვჭირდება მათი ნავთობი და ბუნებრივი აირი, ყველაზე მეტი გვაქვს" – თქვა ტრამპმა.
ტრამპმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ კანადას "ყოველთვის შეუძლია გახდეს აშშ-ის შტატი", რა შემთხვევაშიც თავს აარიდებს მაღალ ტარიფებს.
"ძალიან დიდი დეფიციტი გვაქვს კანადასთან, არ ვიცი, ეს მათთვისაც თუ კარგია. მე ვამბობ, რომ ყოველთვის შეგიძლია გახდე შტატი, რა შემთხვევაშიც აღარ გვექნება დეფიციტი, არ მოგვიწევს ტარიფების დაწესება და ა.შ" – ამბობს ტრამპი.
ტრამპი კანადისა და მექსიკისთვის 25%-იანი სავაჭრო ტარიფების დაწესებას აპირებს. ამის შესახებ ის უკვე რამდენიმე თვეა საუბრობს.
კანადის ტრანსპორტისა და შიდა ვაჭრობის მინისტრის, ანიტა ანანდის თქმით, კანადა "საპასუხო ზომებისთვის" მზად არის იმ შემთხვევაში, თუ აშშ-ის ახალი პრეზიდენტი, მისი დაპირების შესაბამისად კანადას ტარიფებს დაუწესებს.
Fox News-თან ორმა პირმა, რომლებმაც 2024 წლის დეკემბერში ტრამპსა და კანადის პრემიერმინისტრს, ჯასტინ ტრუდოს შორის საუბარი მოისმინეს, განაცხადეს, რომ მეგობრული საუბრის მიუხედავად, ტრამპი ძალზე პირდაპირი იყო იმასთან დაკავშირებით, თუ რა სურს მას კანადისგან.
წყაროების თქმით, ტრამპმა ტრუდოს უთხრა, რომ არალეგალური იმიგრაციისა და დიდი რაოდენობის ნარკოტიკების გაშვებით, კანადამ ვერ შეძლო აშშ-სთან საზღვრის დაცვა. შეხვედრაზე ტრამპი ასევე კანადასთან აშშ-ს სავაჭრო დეფიციტის საკითხსაც შეეხო, რაც მისი გათვლებით, $100 მილიარდს აღემატება.
არჩეულმა პრეზიდენტმა ტრუდოს უთხრა, რომ თუკი კანადა საზღვრის პრობლემებს ვერ მოაგვარებს, იგი თანამდებობის დაკავების პირველივე დღესვე ყველანაირ კანადურ პროდუქციაზე 25%-იან ტარიფს დააწესებს.





