ე.წ. ბიტკოინების საქმის შესახებ, პროკურორ მიხეილ სადრაძის თქმით, ჯერ ვერ იტყვის როდის დაიკითხება ბიძინა ივანიშვილი, თუმცა ადასტურებს, რომ "აბსოლუტურად ყველა მოწმის დაკითხვა მოხდება სასამართლოზე, ვინც ფლობს არსებითი ხასიათის ინფორმაციას".
"წინასწარ ბუნებრივია ჩემთვისაც არ არის ცნობილი, მარტივი მიზეზიდან გამომდინარე, შეიძლება სხვადასხვა სტრატეგია ავირჩიო, თუმცა, განვმეორდები და დაგიდასტურებთ, რომ აბსოლუტურად ყველა მოწმის დაკითხვა მოხდება სასამართლოზე, ვინც ფლობს არსებითი ხასიათის ინფორმაციას.
[...] რაც შეეხება მოწმეების თუ მტკიცებულებების გამოკვლევის თანმიმდევრობას, ამას ვწყვეტ მე და ამას საერთოდ არ აქვს მნიშვნელობა სამართლებრივი შეფასების თვალსაზრისით". - თქვა სადრაძემ.
თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელი გიორგი ბაჩიაშვილი ამბობს, რომ აღნიშნულ და ყველა სხვა სასამართლო პროცესზე თავად ოლიგარქი ივანიშვილი გადაწყვეტს თუ რას იზამს პროკურორი და რას იზამს მოსამართლე.
"როდესაც პროკურორი აკეთებს განმარტებას, რომ ის გადაწყვეტს ვის და როდის მოიყვანს - ეს არის ღიმილისმომგვრელი, რადგან ბიძინა გადაწყვეტს ამ სასამართლო პროცესში, ისევე როგორც ყველა სხვა პროცესში, რას იზამს პროკურორი და რას იზამს მოსამართლე.
როდესაც ადამიანის მიმართ არის სისხლის სამართლებრივი დევნა შეთხზული საქმის გარშემო, როდესაც ამ საქმეს კურირებს სანქცირებული პროკურორი, სანქცირებული მოსამართლე და სანქცირებული პირი და როდესაც ჩემს მიმართ იყენებენ ისეთ აღმკვეთ ღონისძიებებს არანაირად არ არის დასაბუთებული პირდაპირ მტკიცებულებაზე, გარდა ივანიშვილის ზეპირი ჩვენებისა. ამ ჩვენებით მაქვს დაყადაღებული მთელი ქონება, ვარ გამოსული გირაოთი და ივანიშვილი ამ დროს მიგზავნის წერილს, რომ თუ გინდა, ეს ყველაფერი დასრულდეს, გადამიხადე ფულიო - ეს თუ არ არის გამოძალვა, არ ვიცი სხვა რა არის". - თქვა ბაჩიაშვილმა.
2023 წლის ივლისში საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ დიდი ოდენობით კრიპტოვალუტის მართლსაწინააღმდეგო მითვისებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, ბიძინა ივანიშვილის დაფუძნებული თანაინვესტირების ფონდის ყოფილი დირექტორის, გიორგი ბაჩიაშვილის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო. გამოძიების ინფორმაციით, ბაჩიაშვილმა ინვესტორის კუთვნილი 8 253.13 ოდენობის (იმ პერიოდში 39 215 820 აშშ დოლარის ღირებულების) ბიტკოინი მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა. გიორგი ბაჩიაშვილს ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 9-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
გიორგი ბაჩიაშვილი 2013-2019 წლებში იკავებდა ბიძინა ივანიშვილის თანაინვესტირების ფონდში აღმასრულებელი დირექტორის პოზიციას. 2019 წლის მაისიდან, ის მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარე გახდა.
- ივანიშვილი: ბაჩიაშვილს შენიშვნა მივეცი, რადგან რაღაც კაპეიკებს გამოეკიდნენ
- ივანიშვილის ფონდი ივანიშვილის შენიშვნას არ იზიარებს
საქართველოს თანაინვესტირების ფონდში მუშაობის დაწყებამდე ბაჩიაშვილს ეკავა აღმასრულებელი დირექტორის მოადგილის თანამდებობა საპარტნიორო ფონდში. იქამდე კი ბიძინა ივანიშვილის Unicor Management Company-ის ფინანსური დირექტორი იყო. ეს კომპანია რუსეთში ბიძინა ივანიშვილმა 2012 წელს მას შემდეგ გაყიდა, რაც საქართველოში პოლიტიკური კარიერის დაწყება გადაწყვიტა.
2025 წლის 23 იანვარს, ე.წ. ბიტკოინების საქმეზე ბაჩიაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართა, სადაც ბაჩიაშვილმა თქვა, რომ თავისუფლების სანაცვლოდ, "ივანიშვილმა გასულ შემოდგომას სისხლის სამართლებრივი მუქარის ქვეშ 5 000 ბიტკოინის გადახდა მოსთხოვა ყოველთვიურად."
ბიძინა ივანიშვილის ადვოკატმა, თემო წიქვაძემ გავრცელებულ განცხადებაში დაადასტურა, რომ ივანიშვილის თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელის გიორგი ბაჩიაშვილის ადვოკატთან კომუნიკაცია ჰქონდა და დისკონტის სახით კონკრეტული რაოდენობის ბიტკოინების გადახდა შესთავაზა.





