Reuters-ის ცნობით, ნავთობის ფასი მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის გამოსვლის შემდენ შემცირდა. ვიდეომიმართვაში ტრამპმა საუდის არაბეთსა და OPEC-ს ნავთობის ფასის შემცირებისკენ მოუწოდა.
Reuters-ის ინფორმაციით, აშშ-ის West Texas Intermediate (WTI) ნავთობის ფასი 56 ცენტით დაეცა, ანუ 0.74%-ით, და ერთ ბარელზე 74.88 დოლარს შეადგენს, ხოლო Brent-ის ნავთობის ფიუჩერსების ფასი 44 ცენტით შემცირდა, ანუ 0.56%-ით და ამჟამად ბარელზე 78.56 დოლარს შეადგენს .
ფასები შემცირდა მას შემდეგ, რაც ტრამპმა მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე გამოსვლისას საუდის არაბეთსა და OPEC-ს ნავთობის ფასის შემცირების თხოვნით მიმართა. მან ასევე აღნიშნა, რომ საუდის არაბეთი და OPEC ნავთობის მაღალი ფასების გამო უკრაინაში მიმდინარე ომზე არიან პასუხისმგებელნი.
"ტრამპის მოწოდება ნავთობის ფასების შემცირების შესახებ, ბუნებრივია, მომხმარებლებისა და ბიზნესების მხირდან მისასალმებელი იქნება, თუმცა აშშ-ს ნავთობის ინდუსტრია და სხვა გლობალური მომწოდებლები ამას ფრთხილად მოეკიდებიან" - აღნიშნა კლეი სიგლიმ, სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ცენტრის ენერგეტიკული უსაფრთხოების უფროსმა მკვლევარმა.
Phillip Nova-ს საბროკერო კომპანიის ბაზრის უფროსი ანალიტიკოსის, პრიანკა საჩდევას თქმით, აშშ-ის ტარიფების ეკონომიკურმა გავლენამ ნავთობზე გლობალური მოთხოვნის ზრდა შესაძლოა კიდევ უფრო შეაფერხოს.
ორშაბათს ტრამპმა ენერგეტიკული საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა, რაც მას უფლებას აძლევს, შეამციროს ეკოლოგიური შეზღუდვები ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურასა და პროექტებზე და გაამარტივოს ახალი გადამცემი ხაზებისა და მილსადენების გაყვანის ნებართვების გაცემის პროცესი.
OANDA-ს ბაზრის უფროსი ანალიტიკოსის, კელვინ ვონგის თქმით, "ნავთობის ბაზარზე მოკლევადიან პერსპექტივაში შესაძლოა მეტი არასტაბილურობა და ფასების ვარდნა ვიხილოთ, რაც ტრამპის ადმინისტრაციის სავაჭრო ტარიფების პოლიტიკის გაურკვევლობით და აშშ-დან ნავთობის მომარაგების მოსალოდნელი ზრდით იქნება გამოწვეული".





