ტრამპის ადმინისტრაცია

პენტაგონი აშშ-მექსიკის საზღვარზე უსაფრთხოების გაზრდის მიზნით 1 500 სამხედროს გზავნის

აშშ-მექსიკის საზღვარი

პენტაგონმა 22 იანვარს განაცხადა, რომ აშშ-მექსიკის საზღვარზე 1 500 სამხედრო მოსამსახურის გაგზავნის პროცესი დაიწყო, რათა ამერიკის სამხრეთ საზღვარზე უსაფრთხოების გაზრდას შეუწყონ ხელი.

მანამდე, პრეზიდენტობის პირველივე დღესვე, აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა საიმიგრაციო პოლიტიკის გამკაცრების მიზნით რიგი ზომები მიიღო. მან აღმასრულებელი ბრძანებებით სამხრეთ საზღვარზე  საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა, იმიგრაციის კონტროლი გაამკაცრა და დაბადებისთანავე მოქალაქეობის მინიჭების პრინციპი უკანონო მიგრანტების შვილებისთვის გააუქმა.

ამასთანავე, ტრამპმა პენტაგონს უბრძანა, რომ საზღვარზე კედლის აშენების, საპატიმრო სივრცეებისა და მიგრანტების ტრანსპორტირების მხრივ მხარდაჭერა უზრუნველყოს, ხოლო თავდაცვის მინისტრს უფლებამოსილება მიანიჭა, რომ ჯარისკაცები საჭიროებისამებრ საზღვარზე გაგზავნოს.

მოქმედი თავდაცვის მინისტრის, რობერტ სალესის თქმით, სამხედროები საზღვარზე ვერტმფრენებით გაფრინდებიან, რათა სასაზღვრო პოლიციას დახმარება გაუწიონ და ბარიერების აღმართვაში ჩაერთონ. პენტაგონი ასევე დაკავებული 5 000-მდე მიგრანტის დეპორტაციისთვის ეროვნული უსაფრთხოების დეპარტამენტს სამხედრო თვითმფრინავით დაეხმარება.

სალესის თქმით, მისიაში ჩართული სამხედროების რაოდენობა შესაძლოა, მალე შეიცვალოს: "ეს მხოლოდ დასაწყისია". - თქვა მან.

თავდაცვის მაღალჩინოსნებმა თქვეს, რომ დეპარტამენტი დამატებითი სამხედროების, მათ შორის, 2 000-მდე საზღვაო ქვეითის, გაგზავნისთვისაც არის მზად, თუმცა, ამ მხრივ გადაწყვეტილებები თეთრმა სახლმა უნდა მიიღოს.

კომენტარები