გამოცემა Bloomberg-ის მიერ ნანახი დოკუმენტის მიხედვით, აშშ-ს იუსტიციის დეპარტამენტის დროებითი ხელმძღვანელი თანამშრომლებს "არასასურველი შედეგებით" დაემუქრა, თუ ისინი მრავალფეროვნების, თანასწორობისა და ინკლუზიურობის პროგრამების შესახებ ინფორმაციას არ წარადგენენ.
ეს განცხადება პრეზიდენტ დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებას უკავშირდება, რომელიც ე.წ. "DEI პროგრამების" [Diversity - მრავალფეროვნება, Equity - თანასწორობა, Inclusion - ინკლუზიურობა] გაუქმებას გულისხმობს.
ჯეიმს მაკჰენრიმ, რომელიც ტრამპმა იუსტიციის დეპარტამენტის დროებით ხელმძღვანელად დაინიშნა, განაცხადა, რომ დეპარტამენტი დგამს შესაბამის ნაბიჯებს მრავალფეროვნების თანასწორობისა და ინკლუზიურობის ყველა ოფისის დახურვისა და ამ პროგრამებთან დაკავშირებული კონტრაქტების დასრულებისთვის.
"ამ პროგრამებმა ამერიკელები რასის მიხედვით დაყვეს, გაფლანგეს გადასახადების გადამხდელების ფული და გამოიწვიეს სამარცხვინო დისკრიმინაცია". - განაცხადა მაკჰენრიმ, რომელიც იმ დრომდე ასრულებს იუსტიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელის ფუნქციებს, სანამ სენატი ტრამპის მიერ წარდგენილ კანდიდატს თანამდებობაზე დაამტკიცებს.
მაკჰენრი აცხადებს, რომ ცნობილია "ზოგიერთი მცდელობის შესახებ, რომ პროგრამების შესანიღბად გამოიყენონ კოდირებული ან არასრული ტერმინები." მან დაავალა თანამშრომლებს, რომ 10 დღის განმავლობაში გამოავლინონ ყველა ის პროგრამა, რომლის სახელწოდება შესაძლოა მალავდეს კავშირს DEI-სა ან მსგავს იდეოლოგიასთან.
"დაგვიანებული ინფორმაციის მოხსენების შემთხვევაში მოსალოდნელია არასასურველი შედეგები". - განაცხადა მაკჰენრიმ.
ენდრიუ ფერგიუსონმა, ფედერალური სავაჭრო კომისიის თავმჯდომარემ, ასევე განაცხადა, რომ ინკლუზიურობისა და შესაძლებლობების ოფისი დაიხურება და DEI მასალები ჩამოიწერება FTC-ის ვებგვერდიდან.
ფერგიუსონმა პროგრამებს "სახიფათო ტვირთი" და "მავნე იდეოლოგია" უწოდა.
ტრამპის ადმინისტრაციის ბრძანებით, ფედერალური მრავალფეროვნების, თანასწორობისა და ინკლუზიის (DEI) ყველა ოფისი და პროგრამა გაუქმდა და ამ მიმართულებით დასაქმებულ ყველა ფედერალურ თანამშრომელი ანაზღაურებად შვებულებაში გაუშვეს.
პერსონალის მართვის ოფისის მიერ გამოქვეყნებული ოფიციალური დოკუმენტის მიხედვით, შესაბამისი დავალება გაიცა ფედერალური უწყებების ხელმძღვანელებისთვის, რომლებმაც უნდა აცნობონ თანამშრომლებს აღნიშნული ცვლილების შესახებ და მიიღონ ზომები, რათა ყველა DEI პროგრამა გაუქმდეს.
ტრამპის თქმით, მისი ბრძანება მიზნად ისახავს „რადიკალური და უსარგებლო პროგრამების“ დასრულებას, რომლებიც, ფედერალური მთავრობის თითქმის ყველა სფეროში დისკრიმინაციას ახალისებენ.