აშშ-ში დაბადებისთანავე მოქალაქეობის მინიჭების პრინციპის გაუქმების შესახებ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ ხელმოწერილი აღმასრულებელი ბრძანება სამოქალაქო უფლებათა დამცველ ჯგუფებთან ერთად იმ შტატებმა გაასაჩივრა, სადაც დემოკრატიული პარტია ლიდერობს.
ინაუგურაციის შემდეგ ტრამპმა სააგენტოებს უბრძანა, უარყონ აშშ-ში დაბადებული ბავშვების მოქალაქეობა, თუკი ერთ-ერთი მშობელი მაინც არ არის ამერიკის მოქალაქე, ან ერთ-ერთს მაინც არ აქვს კანონიერად მუდმივად ცხოვრების უფლება, იგივე "მწვანე ბარათი".
22-მა შტატმა, კოლუმბიის ოლქმა და ქალაქ სან ფრანცისკომ, ბოსტონისა და სიეტლის ფედერალურ სასამართლოებში ორი სარჩელი შეიტანეს, რომელშიც დავობენ, რომ ტრამპმა აშშ-ს კონსტიტუცია დაარღვია.
მსგავსი სარჩელები შეიტანეს ამერიკის სამოქალაქო უფლებათა კავშირმა (ACLU), საიმიგრაციო ორგანიზაციებმა და ორსულმა დედამაც, რითაც ტრამპის ადმინისტრაციისთვის პირველი მასშტაბური სასამართლო დავის პროცესი დაიწყო.
პრეზიდენტის აღმასრულებელი ბრძანებით, ამერიკის მოქალაქეობა და პასპორტები არ მიენიჭებათ აშშ-ში დაბადებულ ბავშვებს, თუ მათი რომელიმე მშობელს ქვეყნის მოქალაქეობა, მწვანე ბარათი (Green Card) ან მუდმივი ცხოვრების ნებართვა არ აქვს.
"აშშ-ს მოქალაქეობის პრივილეგია ავტომატურად არ ვრცელდება აშშ-ში დაბადებულ პირებზე (1) როდესაც ამ პიროვნების დედა აშშ-ში უკანონოდ იმყოფებოდა და მამას ამ პირის დაბადებისას აშშ-ს მოქალაქეობა ან კანონიერი მუდმივი ცხოვრების ნებართვა არ ჰქონდა, ან (2) როდესაც ამ პირის დაბადებისას დედამისი აშშ-ში კანონიერად, თუმცა დროებით იმყოფებოდა (მაგალითად, თუმცა არა მხოლოდ, აშშ-ში უვიზო პროგრამის ფარგლებში ან სტუდენტური, სამუშაო ან ტურისტული ვიზით იმყოფებოდა) და მამა დაბადების დროს აშშ-ს მოქალაქე ან კანონიერი მუდმივი მცხოვრები არ იყო". - წერია ბრძანებაში.
აშშ-ს კონსტიტუციის მე-14 შესწორების თანახმად, ნებისმიერი პირი, რომელიც აშშ-ს ტერიტორიაზე დაიბადება, ამერიკის მოქალაქეა. აშშ-ს უზენაესი სასამართლოს 1898 წლის გადაწყვეტილებით, ეს შესწორება უცხოელი მშობლების აშშ-ში დაბადებულ შვილებზეც ვრცელდება. ამის გამო, ტრამპის ბრძანებას დიდი ალბათობით სამართლებრივი დაბრკოლებები შეხვდება.
თუმცა, ბრძანების ზოგიერთი მხარდაჭერის მიხედვით, ოპოზიციური ჯგუფების საჩივრების შედეგად 1898 წლის გადაწყვეტილება შეიძლება უზენაესი სასამართლოს მიერ გადაიხედოს და შეიცვალოს.