აშშ-ჩინეთი

ჩინეთი ტრამპის მიერ ტერორიზმის სპონსორი სახელმწიფოების სიაში კუბის შეტანას აკრიტიკებს

globaltimes.cn

ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა, კუო ძიაქუნმა აშშ-ს ახლად არჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ ტერორიზმის სპონსორი სახელმწიფოების სიაში კუბის ხელახლა შეტანაზე შეშფოთება გამოთქვა. 

კუო ძიაქუნმა თქვა, რომ აშშ-ს მიერ კუბის ტერორისტულ სახელმწიფოთა სიაში შეყვანა "სრულად ამჟღავნებს აშშ-ს ჰეგემონიურ, მბრძანებლურ და მჩაგვრელურ სახეს". მისივე თქმით, ტრამპის ნაბიჯი ვაშინგტონის "სარწმუნოობას" ეჭვის ქვეშ აყენებს. 

"რამდენიმე დღეში, კუბა ე.წ. სიას მოშორდა, შემდეგ კი დაბრუნდა, თითქოს ეს წვრილმანი საკითხი იყოს". - თქვა კუო ძიაქუნმა. 

აშშ-ს ახალმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ოვალური ოფისის დაკავების პირველ დღეს მრავალი აღმასრულებელი ბრძანება გამოსცა.

აშშ-ის ახლად არჩეულმა პრეზიდენტმა გააუქმა მისი წინამორბედის, ჯო ბაიდენის მიერ 6 დღის წინ მიღებული გადაწყვეტილება ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოთა სიიდან კუბის ამოღების შესახებ. ინფორმაციას თეთრი სახლი ავრცელებს. 

ბაიდენის ადმინისტრაციამ გადაწყვეტილების მიღებისას განმარტა, რომ აშშ კუბას ტერორიზმის სპონსორი სახელმწიფოების (SST) სიიდან ამოიღებს იმ პოლიტპატიმრების გათავისუფლების სანაცვლოდ, რომლებიც კუბაში რეჟიმმა 2021 წლის საპროტესტო აქციების ფარგლებში დააპატიმრა. 

ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ კუბა ტრამპის ადმინისტრაციამ 2021 წელს, ვადის ამოწურვამდე რამდენიმე დღით ადრე გამოაცხადა

კომენტარები