ტრამპის ადმინისტრაცია

ტრამპმა 2021 წელს კაპიტოლიუმზე თავდასხმაში ბრალდებული 1500-მდე პირი შეიწყალა

აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მასობრივად შეიწყალა თითქმის ყველა, დაახლოებით 1 500, პირი, ვისაც 2021 წლის 6 იანვარს კაპიტოლიუმზე თავდასხმაში ედებოდა ბრალი.

თითქმის ყველა მათგანის შეწყალების გარდა, ტრამპმა ასევე სასჯელი შეუმსუბუქა ულტრამემარჯვენე დაჯგუფებების, Proud Boys-ისა და Oath Keepers-ების, 14 წევრს.

ტრამპის გადაწყვეტილებით უშედეგოდ დასრულდა მრავალწლიანი ფედერალური გამოძიება, რომელიც 2020 წლის არჩევნებში ტრამპის მარცხის შემდეგ კაპიტოლიუმზე თავდამსხმელი პირების პასუხისგებაში მიცემას ისახავდა მიზნად.

შეწყალებასთან ერთად, ტრამპმა ასევე იუსტიციის დეპარტამენტს მოუწოდა, შეწყვიტოს "ყველა განსახილველი საბრალდებო აქტი", რომელიც კაპიტოლიუმზე თავდასხმაში ბრალდებული პირების წინააღმდეგ იყო დარჩენილი.

გადაწყვეტილების შემდეგ, ტრამპმა ოვალურ ოფისში იმედი გამოთქვა, რომ ბრალდებულები ციხის დატოვებას დღესვე შეძლებენ. "ისინი უკვე დიდი ხანია, რაც ციხეში არიან". - თქვა ტრამპმა და დაამატა, რომ "ეს ხალხი გაანადგურეს".

ტრამპის გადაწყვეტილებას მალევე მკვეთრი კრიტიკა მოჰყვა, მათ შორის, ზოგიერთი გამომძიებლისგანაც, რომელიც 2021 წელს კაპიტოლიუმზე თავდასხმის საქმეებზე მუშაობდა.

აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნებში ჯო ბაიდენის გამარჯვების შემდეგ 2021 წლის 6 იანვარს დონალდ ტრამპის მხარდამჭერები შეერთებული შტატების კაპიტოლიუმის შენობაში შეიჭრნენ. შტურმის დროს აშშ-ს კონგრესი საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს ოფიციალურად ამტკიცებდა. კონგრესის შენობაში შეჭრის და არეულობის შედეგად დაიღუპა 5 ადამიანი, მათ შორის ერთი პოლიციელი. დაშავდა 100-ზე მეტი. ტრამპი სოციალური ქსელებში დაბლოკეს.

კაპიტოლიუმზე თავდასხმის წახალისებაში ბრალი თავად ყოფილ პრეზიდენტს დასდეს, რის გამოც, უკვე მეორედ, მოეწყო მისი იმპიჩმენტის პროცესი. დონალდ ტრამპი აშშ-ს ისტორიაში ერთადერთი პრეზიდენტია, რომელსაც იმპიჩმენტი ორჯერ გამოუცხადეს. 14 თებერვალს აშშ-ს სენატმა იმპიჩმენტის პროცესში ტრამპის მსჯავრდადებას მხარი არ დაუჭირა.

კომენტარები