ჰამას-ისრაელის 2023-25 წლის ომი

ბაიდენის თქმით, ღაზაში შეთანხმება მხოლოდ ჰამასსა და პროირანულ ძალებზე წნეხითაა მიღწეული

აშშ-ს პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი პენსილვანიის ქალაქ ალენთაუნში ვიზიტისას, 2024 წლის 12 იანვარი
REUTERS/Leah Millis

აშშ-ს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა კვლავ გაიმეორა, რომ ისრაელსა და ჰამასის ტერორისტულ ორგანიზაციას შორის ცეცხლის შეწყვეტისა და მძევლების გათავისუფლების შესახებ მიღწეული შეთანხმება შეუძლებელი იქნებოდა, აშშ-ს მხარდაჭერით ისრაელის მხრიდან ჰამასისა და ირანის მარიონეტული ძალების წინააღმდეგ წნეხი რომ არ ყოფილიყო.

ბაიდენის თქმით, მას ესმოდა მისი კრიტიკოსების, თუმცა საბოლოოდ გადაწყვიტა, რომ არჩეული კურსის მიტოვება, რომელიც ისრაელის მთავრობის მხარდაჭერას გულისხმობდა, ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას ვერ მოიტანდა და შედეგად რეგიონული ომი მოჰყვებოდა, რისიც, ბაიდენის თქმით, მის კრიტიკოსებს ეშინოდათ.

ბაიდენი ამბობს, რომ დიპლომატიურ მხარდაჭერასთან ერთად, აშშ მნიშვნელოვან სამხედრო დახმარებას უწევდა ისრაელს, რამაც ისრაელის თავდაცვის ძალებს (IDF) საშუალება მისიცა, რომ ჰეზბოლას ლიდერები და სამხედრო შესაძლებლობები გაენადგურებინა.

"ისრაელის კამპანია იმდენად წარმატებული იყო, რომ ჰეზბოლამ ის გააკეთა, რაზეც ამბობდნენ, რომ არასდროს გააკეთებდნენ - ჰამასი მიატოვეს". - თქვა ბაიდენმა.

აშშ-ს წარმავალი პრეზიდენტის თქმით, ლიბანს ახლა ახალი პრემიერმინისტრი და პრეზიდენტი ჰყავს, რომლებიც, ჰეზბოლას კონტროლისგან დამოუკიდებლად, ქვეყნის სუვერენიტეტის შენარჩუნებას ემხრობიან.

ბაიდენმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ირანი ახლა ბოლო ათწლეულების მანძილზე ყველაზე სუსტ ვითარებაში იმყოფება და გაიხსენა, რომ აშშ 2024-ში ორჯერ დაეხმარა ისრაელს ირანის მხრიდან სარაკეტო იერიშის მოგერიებაში.

"ახლა მომდევნო ადმინისტრაციაზეა დამოკიდებული ამ შეთანხმების აღსრულება". - თქვა ბაიდენმა და აღნიშნა, რომ მისი და ტრამპის გუნდები მოლაპარაკებების ბოლო დღეებში ერთმანეთთან თანხვედრაში იყვნენ.

კომენტარები