ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერება

ადვოკატის ინფორმაციით, პოლიციამ ოთარ კვარაცხელია და რატი ტყემალაძე შეცდომით დააკავა

18 იანვარს რუსთაველის მეტროსთან დაკავებული 18 წლის ოთარ კვარაცხელია და 23 წლის რატი ტყემალაძე დიღმის წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფებიან.

ადვოკატების ინფორმაციით, სამართალდამცავებმა ოთარ კვარაცხელია და რატი ტყემალაძე შეცდომით დააკავეს, სინამდვილეში კი სხვა დემონსტრანტებს ეძებდნენ.

"მათი მიზანი იყო იმ მანიფესტანტების დაკავება, რომლებიც ფეიერვერკს ისროდნენ, ასე ვთქვათ, აქციაზე და ჩაცმულობით მოხდა მხოლოდ მიმსგავსება ოთოსი და რატისი და აი რეალურად ამის გამო აედევნა კრიმპოლი, კრიმპოლი იყო, როგორც მომახსენა რატიმ. როგორც რატიმ მომახსენა, კრიმპოლი იყო. შესაბამისად, აღმოჩნდა ისე, რომ შეეშალათ, სხვა პირების დაკავება სურდა პოლიციას, თუმცა რეალურად, შემთხვევით, შერჩევითი მექანიზმით შეეშალათ და რეალურად სხვა ადამიანები დააკავეს. თუმცა, მნიშვნელოვანია, რომ დაკავების მომენტში არც ერთ მათგანს არ ეცვა ფორმა" - ამბობს ადვოკატი.

ადვოკატების და  მომხდარის მომსწრეთა ინფორმაციით, არც ერთი მათგანის მიმართ არ ყოფილა მოწოდება პოლიციელების მხრიდან, დამკავებელთა იდენტიფიცირება შეუძლებელი იყო, რადგან დაკავების მომენტში თავი არ წარუდგენიათ.  ადვოკატის თქმით,  "ერთ-ერთმა მანქანამ გადაუჭრა გზა და მხოლოდ მერე უთხრეს, რომ პოლიციელები არიან. ამის მიუხედავად სამართალდამცავების მხრიდან არც ერთი დაკავებულის მიმართ უფლებების განმარტება არ ყოფილა".

"გზა რომ გადაუჭრეს და დააკავეს ამის შემდეგ უთხრეს, რომ პოლიციელები იყვნენ. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს ეუბნებოდნენ ფეიერვერკი რატომ ისროლეთო. სხვისი დაკავება უნდოდათ და აერიათ, როცა გაირკვა, რომ მათ არ უსვრიათ გადმოიყვანეს მაინც იზოლატორში [...] ჩემი დაცვის ქვეშ მყოფმა განაცხადა, რომ განყოფილებაში, ერთ-ერთ კაბინეტში ლაზერს ანათებდა ერთ-ერთი პოლიციელი თვალებში, აბა, როგორია, როგორ მოგწონთო" - ამბობს ოთარ კვარაცხელიას ადვოკატი დიმიტრი ნოზაძე.

დაკავებიდან რამდენიმე საათში ცნობილი გახდა, რომ ტყემალაძეს და კვარაცხელიას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე და 174-ე პრიმა მუხლებს ედავებიან. 

დაკავებულთა ადგილსამყოფელის გარკვევიდან რამდენი ხანში, უფლებადამცველმა მარიამ ჯიქიამ ჯგუფ დაიტოვეში დაწერა, რომ რატი ტყემალაძე და ოთო კვარაცხელია იზოლატორიდან წიგნებს ითხოვენ:

"რატიმ მოითხოვა ჰაიდეგერის ყოფიერება და დრო, ასევე, ელენე ლადარიას გადაეცით ბოდიში, რომ შუალედური ვერ გავუგზავნეო. ოთომ - ეფლბაუმის ავტოკრატების გაერთიანება, ასევე გადმოგვცა რომ არ ინერვიულოთ თავისუფლებისთვის 48 საათი აქ ყოფნა რა მოსატანია და მალე შემოგიერთდებითო" - წერს მარიამ ჯიქია.

ამას გარდა, რატი ტყემალაძის დაკავებას სოციალურ ქსელში ილიაუნის პროფესორი გიგა ზედანია გამოეხმაურა:

"რატი არის ჩემი შესანიშნავი სტუდენტი ონტოლოგიის ისტორიის კურსზე. იმ ადამიანებს, რომლებმაც არ იციან, რა არის ონტოლოგია, განსაკუთებული სიფრთხილე მართებთ მასთან მოპყრობისას. ველი ცნობებს მისი ადგილსამყოფელისა და მისი უსწრაფესი გათავისუფლების შესახებ" - წერს ზედანია სოციალურ ქსელში.

კომენტარები