სირიის საზოგადოებრივი უსაფრთხოების დირექტორატი აცხადებს, რომ აღკვეთა იარაღის კონტრაბანდის მცდელობა, რომელიც ლიბანში ტარტუსის რაიონში არსებული უკანონო საზღვრის გავლით მიემართებოდა.
სირიული მედიის მიერ გავრცელებულ სურათებზე ნაჩვენებია იარაღები, ყუმბარმტყორცნები, დრონები და სხვა სამხედრო აღჭურვილობა, რომლის კონფისკაციაც ხელისუფლებამ შეძლო.
ისრაელის მხარე შიშობდა, რომ სირიიდან განდევნილი ასადის რეჟიმის იარაღი შესაძლოა გაგზავნილიყო ჰეზბოლას ტერორისტულ ჯგუფს ლიბანში. ამ მიზეზით ისრაელის თავდაცვის ძალებმა დაარტყა რამდენიმე სასაზღვრო გადასასვლელს სირიასა და ლიბანს შორის.
26 ნოემბერს, გვიან ღამით ისრაელმა პირველად შეუტია ლიბანის ჩრდილოეთით სამ სასაზღვრო პუნქტს სირიასთან, განუცხადა ლიბანის ტრანსპორტის მინისტრმა ალი ჰამიემ Reuters-ს.
ისრაელის არმიამ განაცხადა, რომ მისმა სამხედრო თვითმფრინავებმა სირიასა და ლიბანს შორის რამდენიმე სატრანსპორტო კვანძს დაესხნენ თავს, რომლებიც გამოიყენებოდა ჰეზბოლას საბრძოლო აღჭურვილობით მოსამარაგებლად.
გამოცემა The Times-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში სირიის ახალმა ლიდერმა, აბუ მოჰამად ალ-ჯოლანიმ, განაცხადა, რომ იგი არ მისცემს სხვა ქვეყნებს საშუალებას, სირია ისრაელზე თავდასხმებისთვის პლაცდარმად გამოიყენონ.
8 დეკემბერს ჰაიათ თაჰრირ ალ-შამის (HTS) მეთაურობით წამოწყებული იერიშის შედეგად ასადის რეჟიმი რამდენიმე დღეში ჩამოიშალა. თურქეთის მიერ მხარდაჭერილი მეამბოხეები რამდენიმე დღის განმავლობაში აგრძელებდნენ წარმატებულ სამხედრო ოპერაციებს.
ამავე დღეს ცნობილი გახდა, რომ ასადი ქვეყნიდან გაიქცა და მოსკოვში ოჯახთან ერთად ჩავიდა.
ჰაიათ თაჰრირ ალ-შამი (HTS) ტერორისტული დაჯგუფება ალ-კაიდას სირიული დანაყოფის, ალ-ნუსრას ფრონტის საფუძველზე შეიქმნა. დაჯგუფება საკუთარი წინამორბედისგან "რებრენდინგს" ცდილობდა. იერიშამდე HTS-ი ქალაქ იდლიბსა და ამავე რეგიონის ნაწილებს აკონტროლებდა. სამხედრო ოპერაციებში ჯიჰადისტების გარდა სეკულარული ძალებიც მონაწილეობდნენ.
თურქეთის მიერ მხარდაჭერილი მეამბოხეები დაპირისპირებულები არიან ამბოხებულ ქურთებთან, რომლებიც სირიის ტერიტორიის ნაწილს აკონტროლებენ.





