პარტია გახარია საქართველოსთვის გახარიაზე თავდასხმის დაუყოვნებლივ და სრულყოფილ გამოძიებას ითხოვს - პარტია განცხადებას X-ზე ავრცელებს.
"დღეს ბათუმში, პარტია საქართველოსთვის ლიდერს და საქართველოს ყოფილ პრემიერმინისტრ გიორგი გახარიას სასტიკად დაესხა თავს ივანიშვილის რეჟიმის მიერ კოორდინირებული ჯგუფი.
გიორგი გახარია იყო ბათუმში და ესწრებოდა ჩვენი პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაციის უსამართლოდ დევნილი წევრების სასამართლო პროცესებს, როცა ეს საშინელი ძალადობა მოხდა.
პარტია საქართველოსთვის ივანიშვილის რეჟიმის მიერ მოწყობილი ძალადობრივი თავდასხმის დაუყოვნებლივ და სრულყოფილ გამოძიებას და ყველა ანგარიშვალდებული პირის პასუხისმგებლობის დაყენებას მოითხოვს.
ეს პოლიტიკურად მოტივირებული თავდასხმა ოპოზიციის დაშინებისა და განსხვავებული აზრის დათრგუნვის აშკარა მცდელობაა. ასეთი ქმედებები ვერასდროს გააჩუმებს საქართველოს დემოკრატიული და ევროპული მომავლისთვის მებრძოლ ხმებს" - წერია განცხადებაში.
გიორგი გახარიაზე თავდასხმის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.
პარტია საქართველოსთვის ლიდერს, გიორგი გახარიას ბათუმში თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ.
გამოცემა მთის ამბების მთავარი რედაქტორი გელა მთივლიშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ გახარიას სასტუმრო შერატონში ჯგუფურად თავს "არალეგიტიმური პარლამენტის და აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები დიმიტრი სამხარაძე, გიორგი მანველიძე" და სხვა პირები დაესხნენ.
ექიმის თქმით, გიორგი გახარიამ კლინიკა თავისი სურვილით დატოვა. მას ტვინის შერყევა და ცხვირის ძვლის მოტეხილობა აქვს.