ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიმართავს და აღნიშნავს, რომ ნეტგაზეთისა და ბათუმელების დამფუძნებელი, მზია ამაღლობელი არის მაღალი რეპუტაციის მქონე საჯარო პირი და მისი პატიმრობა იქნება უსაფუძვლო. საია სასამართლოს მოუწოდებს, არ დააკმაყოფილონ პროკურატურის მოთხოვნა - პატიმრობა აღკვეთის ღონისძიების სახით.
"ბათუმელებისა და ნეტგაზეთის დამფუძნებელს, მზია ამაღლობელს, პროკურატურამ 353¹ მუხლით წარუდგინა ბრალი და მოითხოვა მისი პატიმრობა აღკვეთის ღონისძიების სახით. სხდომა, ხვალ, 14 იანვარს, 11:00 საათზე, ბათუმის საქალაქო სასამართლოში გაიმართება და მის უფლებებს საიას ადვოკატი საქმეში ჩართულ სხვა ადვოკატებთან ერთად დაიცავს.
საია მიიჩნევს, რომ ამ საქმეში არ არსებობს პატიმრობის გამოყენების საფუძველი. პატიმრობა, როგორც აღკვეთის ღონისძიება, უნდა გამოიყენებოდეს მხოლოდ უკიდურეს შემთხვევებში, როდესაც არსებობს რეალური საფრთხე, რომ ბრალდებული მიიმალება, ზემოქმედებას მოახდენს მოწმეებზე ან სხვა ფორმით შეუშლის ხელს გამოძიებას. მზია ამაღლობელის მხრიდან კი არ არსებობს მსგავსი საფრთხეები.
მზია ამაღლობელი არის მაღალი რეპუტაციის მქონე საჯარო პირი, რომელიც მრავალი წელია ხელმძღვანელობს საქართველოში მაღალი რეპუტაციის მქონე მედიასაშუალებებს. მისი პატიმრობა ამ შემთხვევაში იქნება უსაფუძვლო.
მოვუწოდებთ სასამართლოს, არ დააკმაყოფილოს პროკურატურის მოთხოვნა და დაიცვას როგორც სამართლიანობის პრინციპი, ისე პიროვნების უფლებები". - წერია საიას მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ამაღლობელის წინააღმდეგ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც პოლიციელზე, სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურეზე ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენელზე ანდა საჯარო დაწესებულებაზე თავდასხმის ბრალდებას და 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს.
აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხი ბათუმის საქალაქო სასამართლოში დღეს, 14 იანვარს 11:00 საათზე განიხილება.