გამოცემა The Times საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ ირანი რუსეთთან თავისი ბირთვული პროგრამისა და საჰაერო თავდაცვისთვის დახმარების მოსაპოვებლად საიდუმლო მოლაპარაკებებს აწარმოებს.
გამოცემის თანახმად, ირანის უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის უფროსი მრჩეველი და ირანის პარლამენტის ყოფილი სპიკერი, ალი ლარიჯანი რუსეთის უფროს თანამდებობის პირებს საიდუმლოდ ხვდება, რათა ბირთვული იარაღის წარმოებისა და საჰაერო თავდაცვის შესაძლებლობების სფეროებში დახმარება განიხილოს.
The Times-ის მიხედვით, ლარიჯანი ირანის რეჟიმთან დაახლოებული და სანდო პირია.
"რადგან სტრატეგიულ ურთიერთობას აღრმავებენ და რუსეთი ირანზე არის დამოკიდებული რაკეტებისა და დრონების გამო, არსებობს შიში, რომ მოსკოვი მზადაა, ირანის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით აქამდე განსაზღვრული წითელი ხაზები გადაკვეთოს". - თქვა გამოცემასთან საუბრისას ანონიმურმა წყარომ დასავლეთის დაზვერვაში.
წყარომ გამოცემასთან საუბრისას ასევე თქვა, რომ ირანს თავისი საჰაერო ძალების ოპერაციული შესაძელბლობების გასაძლიერებლად Sukhoi Su-35 ტიპის ავიაგამანადგურებლის მოპოვებაც სურს. გამოცემა წერს, რომ ცნობების თანახმად, ირანმა ამ მოდელის თვითმფრინავები უკვე იყიდა.
The Times-ის თანახმად, თეირანს ასევე რუსეთისგან მიწოდებული S-300 ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემების აღდგენა სურს, რომლებიც წინა წლის ბოლოს იერიშებისა და კონტრიერიშების დროს ისრაელმა გაანადგურა.
გამოცემასთან საუბრისას წყარო ამბობს, რომ, ამასთან ერთად, ირანმა რუსეთის მხრიდან ტერორისტული დაჯგუფების, ჰეზბოლას ხელახალი შეიარაღებისთვის ლოჯისტიკური დახმარება ითხოვა.
შეგახსენებთ, რომ 17 იანვარს რუსეთი და ირანი ყოვლისმომცველი სტრატეგიული თანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულებას დადებენ. შეთანხმებაზე ხელის მოსაწერად მოსკოვს ირანის პრეზიდენტი მასუდ ფეზეშქიანი ოფიციალური ვიზიტით ეწვევა.
ცნობისთვის, 3 იანვარს გამოცემა Axios ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით წერდა, რომ თეთრი სახლის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ჯეიკ სალივანმა აშშ-ს პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს ირანის ბირთვულ ობიექტებზე შესაძლო იერიშის ვარიანტები წარუდგინა, იმ შემთხვევისთვის, თუ 20 იანვრამდე ირანი ბირთვული შეიარაღების დამზადებას დაიწყებს.
9 იანვარს იაპონური კრიმინალური სინდიკატის, იაკუძას ბოსმა, ტაკეში ებისავამ, აშშ-ის მიერ, ირანისთვის ბირთვული იარაღის მასალების მიწოდების ბრალდება აღიარა.
მანამდე, გაეროს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) გენერალურმა დირექტორმა, რაფაელ გროსიმ, განაცხადა, რომ ირანთან 2015 წლის ბირთვული შეთანხმების აღდგენა აზრს კარგავს, რადგან თეირანი უკვე ფაქტობრივად ატომურ სახელმწიფოდ გადაქცევის ზღვარზეა.
გროსის თქმით, საერთაშორისო საზოგადოებამ უნდა განიხილოს ირანთან ბირთვული განიარაღების ახალი ნაბიჯები, რაც შეესაბამება არსებულ "ახალ რეალობას".
ირანული გამომცემლობა IRNA-ს თანახმად, რომელიც ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და მისი ატომური ენერგიის ორგანიზაციის ერთობლივ განცხადებას ეყრდნობა, ირანი "სხვადასხვა ტიპის ახალი და მოწინავე ცენტრიფუგების დიდი რაოდენობის" გააქტიურებას გეგმავს. ცენტრიფუგა ხელსაწყოა, რომელიც ურანის გამდიდრებისთვის გამოიყენება. გამდიდრებული ურანით აწარმოებენ საწვავს, თუმცა ის ასევე გამოიყენება ბირთვული იარაღის შექმნისთვის.
ირანი უარყოფს ბირთვული იარაღის შექმნის სურვილს და აცხადებს, რომ მისი პროგრამები მხოლოდ მშვიდობიანი მიზნებისთვისაა. თუმცა, IAEA-ს და აშშ-ის სადაზვერვო სააგენტოების ინფორმაციით, ირანს 2003 წლამდე ჰქონდა ორგანიზებული სამხედრო ბირთვული პროგრამა, ხოლო ისრაელი ამტკიცებს, რომ თეირანს არასდროს აუღია ხელი ბირთვული იარაღის შექმნის გეგმაზე.
გარდა ამისა, დასავლელი მოკავშირეები ირანს რუსეთის იარაღის გადაცემაში ადანაშაულებენ. ირანისთვის სანქციები აშშ-ს, ევროკავშირსა და დიდ ბრიტანეთს აქვს დაწესებული.
- დიდმა ბრიტანეთმა ირანულ კომპანიებს რუსეთისთვის იარაღის მიწოდების გამო სანქციები დაუწესა
- ევროკავშირმა ირანს რუსეთისთვის რაკეტების მიწოდების გამო ახალი სანქციები დაუწესა
- რუსეთისთვის რაკეტების გადაცემის გამო, აშშ-მ ირანს სანქციები დაუწესა
10 სექტემბერს ირანიდან ფიზიკურ პირებსა და იურიდიულ სუბიექტებს სანქციები აშშ-ს სახელმწიფო და სახაზინო დეპარტამენტებმაც დაუწესეს. მიზეზი ირანის მიერ რუსეთისთვის ბალისტიკური რაკეტების მიწოდების პროცესებში აღნიშნული სუბიექტების პირდაპირი მონაწილეობა იყო.
- WSJ: აშშ-მ მოკავშირეებს აცნობა, რომ ირანმა რუსეთს ბალისტიკური რაკეტები გაუგზავნა
- ფეზეშქიანი: ჩემი გაპრეზიდენტებიდან დღემდე, ირანს რუსეთისთვის იარაღი არ მიუწოდებია
- ირანელმა პარლამენტარმა დაადასტურა, რომ ირანმა რუსეთს რაკეტები გაუგზავნა
- კრემლი არ უარყოფს, რომ რუსეთმა ირანისგან ბალისტიკური რაკეტები მიიღო