ჰამას-ისრაელის 2023-25 წლის ომი

ბაიდენმა და ნეთანიაჰუმ ღაზის ომის შეწყვეტაზე მიმდინარე მოლაპარაკებების პროგრესი განიხილეს

ჯო ბაიდენი და ბენიამინ ნეთანიაჰუ, 18 ოქტომბერი, 2023
Brendan Smialowski | Afp | Getty Images

გამოცემა Axios ამერიკელ და ისრაელელ მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით წერს, რომ პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა და ისრაელის პრემიერმინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ სატელეფონო საუბრისას 20 იანვრამდე ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტისა და მძევლების გათავისუფლებაზე შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობა განიხილეს.

მაღალჩინოსნების თქმით, ბაიდენისა და ტრამპის გუნდები მჭიდროდ თანამშრომლობენ და ორივე მხარე მუშაობს, რომ სამშვიდობო შეთანხმება მიღწეული იყოს.

"ჩვენ ძალიან ახლოს ვართ [შეთანხმების დადებასთან] და მაინც შორს, რადგან ჯერ ვერ მივაღწიეთ. შესაძლებელია, რომ ეს 20 იანვრამდე მოხდეს, მაგრამ დარწმუნებული ვერ ვიქნები". - განაცხადა თეთრი სახლის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ჯეიკ სალივანმა CNN-თან საუბრისას.

ისრაელის პრემიერის სამსახურში განაცხადეს, რომ ნეთანიაჰუმ ბაიდენს მოლაპარაკებების მხრივ პროგრესი გააცნო და ესაუბრა იმ უფლებამოსილებაზე, რომელიც მან ისრაელელ მომლაპარაკებლებს მიანიჭა შეთანხმების მისაღწევად.

თავის მხრივ, თეთრი სახლის ცნობით, ბაიდენმა ნეთანიაჰუსთან საუბრისას ხაზი გაუსვა ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მყისიერად მიღწევისა და მძევლების უკან დაბრუნების საჭიროებას. მან ასევე საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტის შედეგად ღაზის სექტორში ჰუმანიტარული დახმარების გაზრდის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

კომენტარები