ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერება

ამაღლობელის მიმართ მოპყრობა კრიტიკული მედიის სამაგალითო დასჯაა - ჟურნალისტები და NGO-ები

დღეს, 12 იანვარს კანცელარიის შენობასთან ჟურნალისტები, თავისუფალი მედიების ხელმძღვანელები, პროფესიული გაერთიანებების ხელმძღვანელები და მედიის უფლებადამცველი ორგანიზაციების წარმომადგენლები ბათუმელებისა და ნეტგაზეთის დამფუძნებლისა და დირექტორის, მზია ამაღლობელის მხარდასაჭერად შეიკრიბნენ.

მათ პროტესტის ნიშნად კიბეზე სტიკერები განათავსეს, რადგან პირველად ამაღლობელი სწორედ სტიკერის – "გაიფიცე" – გაკვრის გამო დააკავეს. 

"დამოუკიდებელი მედიასაშუალებების, პროფესიული და მედიის უფლებების დამცველი ორგანიზაციების წარმომადგენლები მივიჩნევთ, რომ მზია ამაღლობელის დაკავება და მისი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემა არის წინასწარდაგეგმილი დანაშაულებრივი პროვოკაცია.

ბათუმის პოლიციის უფროსი, ირაკლი დგებუაძე, რომელიც გუშინ განვითარებული მოვლენების დროს განსაკუთრებული აგრესიით გამოირჩეოდა, ჯერ კიდევ 16 დეკემბერს დაემუქრა ბათუმელების თანადამფუძნებელსა და რედაქტორს, ეთერ თორაძეს.

მზია ამაღლობელი 11 იანვარს პირველად, უკანონოდ, კანონმდებლობით დადგენილი საპროცესო მოქმედებების უხეში დარღვევით დააკავეს, მაშინ, როცა მან აჭარის პოლიციის სამმართველოს შესასვლელის ღობეზე გააკრა სტიკერი 15 იანვარს დაგეგმილ საყოველთაო გაფიცვასთან დაკავშირებით. დაკავებისას მზია ამაღლობელისთვის არავის განუმარტავს დაკავების საფუძველი და სამართლებრივი ნორმები, რასაც პოლიციას კანონმდებლობა ავალდებულებს" - ნათქვამია მათ მიერ გავრცელებულ საერთო განცხადებაში.

ბათუმელებისა და ნეტგაზეთის დამფუძნებლისა და დირექტორის, მზია ამაღლობელის წინააღმდეგ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც პოლიციელზე, სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურეზე ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენელზე ანდა საჯარო დაწესებულებაზე თავდასხმის ბრალდებას და 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს.

ბათუმელების ცნობით, მზია ამაღლობელთან 3 საათის განმავლობაში არ უშვებდნენ ადვოკატებს და, ასევე, უცნობი იყო, რა მუხლით იყო ის დაკავებული. იგი მოინახულა სახალხო დამცველის წარმომადგენელმა აჭარაში, რომელსაც მზია ამაღლობელმა უთხრა, რომ დაკავების შემდგომ ადგილი ჰქონდა არასათანადო მოპყრობას. 

"დაკავების შემდეგ მზია ამაღლობელის მიმართ ადგილი ჰქონდა არასათანადო მოპყრობას, რასაც ასევე კრიტიკული მედიის მიმართ ანგარიშსწორებად და სამაგალითო დასჯად მივიჩნევთ." - განაცხადეს კანცელარიასთან შეკრებილმა საქართველოს დამოუკიდებელი მედიასაშუალებების, პროფესიული და მედიის უფლებების დამცველი ორგანიზაციების წარმომადგენლებმა.

კომენტარები