სოციალურ მედიაში გამოჩნდა აქამდე უცნობი კვლევის მონაცემები, რომლის მიხედვითაც რეჟიმის პროპაგანდა "გლობალური ომის პარტიის" მიერ საქართველოს ომში ჩათრევაზე მოქალაქეების მხოლოდ 26%-ს მიაჩნდა დამაჯერებლად, 30%-ს არ ჰქონდა აზრი ჩამოყალიბებული, პროაქტიულად კი ამ საფრთხეს მხოლოდ 4% ასახელებდა.
კითხვა იმაზე, დამაჯერებელია თუ არა რეჟიმის გზავნილი "გლობალური ომის პარტიაზე" და ხელისუფლების ცვლილების შემთხვევაში რუსული აგრესიის შიში ერთი და იგივე არ არის.
ადამიანს რომელსაც "გლობალური ომის პარტიაზე" ბოდვის არ სჯერა, თავისუფლად შეიძლება სჯეროდეს ან არ გამორიცხავდეს, რომ ივანიშვილის რეჟიმის მარცხი და პროდასავლური ოპოზიციის გამარჯვება სახიფათოა.
სწორედ ეს იყო რეჟიმის პროპაგანდის არსებითი და მთავარი გზავნილი.
ის, რომ ამ კვლევის თანახმად, მხოლოდ 4%-მა დაასახელა კვლევაში პროაქტიულად ეს საფრთხედ, ამ საკითხთან მიმართებით ტესტად ვერ გამოდგება.
ბევრად უფრო მნიშვნელოვანი იქნებოდა იმის გარკვევა, თუ რამდენად რეალურ და რამდენად სერიოზულ საფრთხედ მიაჩნიათ მოქალაქეებს რუსული აგრესია და თვლიან თუ არა, რომ ხელისუფლების ცვლილება ამ საფრთხეს ზრდის.
გაუგებარია, ასე რატომ დაისვა კითხვა, რატომ იყო ფოკუსი "გლობალური ომის პარტიაზე" - ანუ მხოლოდ აბსურდულ შეთქმულების თეორიაზე .
თუმცა პოსტში მოყვანილი მონაცემები ამ შეთქმულების თეორიის შესახებაც კი - კერძოდ ის, რომ 26%-ს ის დამაჯერებლად მიაჩნდა, 30%-ს კი მკაფიო პასუხი არ ჰქონდა - რანაირად არის არგუმენტი იმისა, რომ ეს არ იყო მნიშვნელოვანი საკითხი და გამართლებული იყო ამის იგნორირება საარჩევნო კამპანიისას - ჩემთვის სრულიად გაუგებარია.
მინიმუმ ის 30% რატომ უნდა შეგვეტოვებინა რეჟიმის პროპაგანდისთვის? (იმას რომ თავი დავანებოთ, რომ ადამიანები აზრს იცვლიან და ყველა პოლიტიკური კამპანიის ამოცანაა, რომ მათ, ვისაც საშენო პოზიცია აქვს, ეს რწმენა გაუმყარო და ვინც საპირისპირო პოზიციაზეა, პირიქით, ეცადო, რომ ეჭვი მაინც გაუჩინო)
ადამიანი, რომელსაც სჯერა, რომ რეჟიმის ცვლილება ომის საფრთხეს ზრდიდა ან თუნდაც არ გამორიცხავდა ამას, განსაკუთრებით იყო მიდრეკილი ან სტატუს-კვოს მხარდაჭერისკენ ან წნეხისა და დაშინებისთვის წინააღმდეგობის არგაწევისკენ, ან პირდაპირი ან ირიბი მატერიალური სიკეთის მიღების სანაცვლოდ იმავეს გაკეთებისკენ. (საკუთარ თავთან და მის გარემოცვასთან ეს არგუმენტი გამოეყენებინა მორალურ გამართლებად - სხვანაირად რომ ვთქვა, თავი მოეტყუებინა, რომ ცუდად არ იქცევა)
საოცრებაა, იმაზე რომ გვიწევს დავა, რუსული აგრესიის შიში (და ამაზე ოპოზიციის დიდი ნაწილის "დუმილი") იყო თუ არა სერიოზული ფაქტორი იმ კლიმატის შექმნაში, რომელიც რეჟიმმა ზეწოლის, მოსყიდვის და სხვა მეთოდებით გაყალბებისთვის გამოიყენა .
როდესაც თავად ოპოზიცია ლეგიტიმურად ვიმეორებდით, რომ საქართველოში არსებული დაპირისპირება და ივანიშვილის ნაბიჯები ნაწილია ზოგადად რუსეთის აგრესიისა საქართველოს, უკრაინისა და თავისუფალი სამყაროს წინააღმდეგ, როცა უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესია იყო ერთერთი მთავარი თემა როგორც სამთავრობო, ისე ოპოზიციურ მედიაში, როცა საქართველოს წინააღმდეგ სამხედრო აგრესია არა მხოლოდ ჩვენი უახლესი წარსულის, არამედ პრაქტიკულად აწმყოს ნაწილია, რანაირად შეიძლება იმის დაშვება, რომ ეს თემა ირელევანტურია ან რომ ეს თემა არ იყო თითქმის ყველა ოჯახამდე მისული და რომ მასთან დაპირისპირება შეუწყობდა მის გავრცელებას ხელს, თორემ ისე ის აქტუალური არ ყოფილა.