2024 წლის ბოლოს გთავაზობთ მიმდინარე წლის 10 საუკეთესო ალბომს. სიაში შესულმა ნამუშევრებმა წელს კრიტიკოსებისა და მსმენელების განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურეს. ეს ალბომები წლის საუკეთესო ჩანაწერებს შორის არაერთმა ცნობილმა და გავლენიანმა გამოცემამ დაასახელა.
10. ScHoolboy Q - Blue Lips
ამერიკელი ჰიპ ჰოპ არტისტის, ScHoolboy Q-ს რიგით მეექვსე ალბომმა Blue Lips რეპერი წინა ჩანაწერების მსგავსი კომერციული წარმატება ვერ მოიპოვა, თუმცა, კრიტიკოსების მხრიდან დიდი მოწონება დაიმსახურა. მათი დიდი ნაწილის აზრით Blue Lips კალიფორნიელი ჰიპ ჰოპ შემსრულებლის საუკეთესო ნამუშევარია.
9. Tyla - Tyla
სამხრეთ აფრიკელი პოპ შემსრულებლის, Tyla-ს სადებიუტო ალბომმა აშშ-ში, ბრაზილიაში, კანადასა და ახალ ზელანდიაში ოქროს სტატუსი მიიღო. ჩანაწერს გამოსვლიდან 1 კვირაზე ნაკლებ დროში Spotify-ზე 630 მილიონზე მეტჯერ მოუსმინეს, რითიც არტისტმა რეკორდი დაამყარა. ნამუშევარში თაილასთან ერთად პოპულარული ჰიპ ჰოპ არტისტები, ტრევის სკოტი და Gunna მონაწილეობენ.
8. Kim Gordon - The Collective
ამერიკული როკ ჯგუფის, Sonic Youth-ის ყოფილი წევრის, კიმ გორდონის მეორე სოლო ალბომი The Collective კრიტიკოსებმა დადებითად შეაფასეს. ჩანაწერი გრემის დაჯილდოებაზე საუკეთესო ალტერნატიული მუსიკალური ალბომის ნომინაციაზეც არის წარდგენილი. ნამუშევრის შთაგონების წყარო ნაწილობრივ ამერიკელი მწერლის, ჯენიფერ ეგანის რომანი ტკბილეულის სახლი იყო.
7. Waxahatchee - Tigers Blood
ამერიკული ინდი როკ შემსრულებლის, კეტრინ კრაჩფილდის პროექტის, Waxahatchee-ს რიგით მეექვსე ალბომმა კრიტიკოსების განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა. მოგვიანებით კი კრაჩფილდს ჩანაწერმა გრემის სადებიუტო ნომინაციაც მოუტანა.
6. Vampire Weekend - Only God Was Above Us
ამერიკული ინდი როკ ბენდის, Vampire Weekend-ის რიგით მეხუთე ალბომმა გამოცემისთანავე მუსიკის კრიტიკოსების დიდი მოწონება დაიმსახურა, თუმცა, ამავდროულად, Only God Was Above Us კოლექტივის პირველი ჩანაწერი გახდა, რომელიც Billboard-ის ჩარტის ოცეულში ვერ მოხვდა.
5. Sabrina Carpenter - Short n' Sweet
Short n' Sweet პოპულარული ამერიკელი მომღერლის, საბრინა კარპენტერის რიგით მეექვსე ალბომია. ჩანაწერმა პლატინის სტატუსი მოიპოვა. ნამუშევარში შესულმა ორმა სიმღერამ კი ბილბორდის ჩარტში პირველი ადგილი დაიკავა. ამასთან, ნამუშევარი 18 ქვეყნის ჩარტებში ლიდერობდა. პარალელურად, ალბომი გრემის 8 ნომინაციაზეა წარდგენილი.
4. Tyler, the Creator - Chromakopia
ამერიკელი ჰიპ ჰოპ არტისტის, Tyler, the Creator-ის რიგით მერვე ალბომმა Billboard-ის ჩანაწერების ჩარტში პირველი ადგილი დაიკავა, რაც მუსიკოსის კარიერაში უკვე მესამედ მოხდა. ამასთან Chromakopia ტაილერის ყველაზე სწრაფად გაყიდვადი ალბომი გახდა.
ნამუშევარი ჰიპ ჰოპის, ჯაზისა და სოულის ერთგვარი ნაზავია. კონცეპტუალურად, Chromakopia ტაილერის დედის, ბონიტა სმიტის პერსპექტივით აღწერს ოჯახის წარსულს, რასაც ტაილერი იყენებს, როგორც თხრობით ინსტრუმენტს საკუთარი თვალით დანახული გამოცდილებების გადმოსაცემად.
3. The Cure - Songs of a Lost World
ლეგენდარული ინგლისური პოსტ პანკ ჯგუფი The Cure მსმენელს 16-წლიანი პაუზის შემდეგ, ახალი ალბომით Songs of a Lost World დაუბრუნდა.
ჩანაწერმა 11 ქვეყნის ჩარტებში პირველი ადგილი დაიკავა და 2024 წლის ყველაზე სწრაფად გაყიდვად ალბომებს შორისაც მოხვდა.
ჯგუფის რიგით მეთოთხმეტე ნამუშევარი 1985 წლის შემდეგ პირველი ალბომია, რომლის ყველა კომპოზიციაც მხოლოდ რობერტ სმიტმა დაწერა.
2. Fontaines D.C. - Romance
ირლანდიური პოსტ პანკ ჯგუფის, Fontaines D.C-ის რიგით მეოთხე ალბომი Romance კოლექტივისა და ცნობილი ინგლისელი პროდიუსერის, ჯეიმს ფორდის თანამშრომლობის შედეგია. ფორდს, როგორც პროდიუსერს, სხვადასხვა დროს ისეთ ჯგუფებთან უმუშავია, როგორებიც არიან Arctic Monkeys, Gorillaz, Depeche Mode და სხვა.
ამასთან, Romance გრემის 2 ნომინაციაზე წარდგენილი. ბრიტანეთში კი ალბომის ჩარტებში საბრინა კარპენტერის შემდეგ მეორე ადგილი დაიკავა.
1. Charli XCX - Brat
Brat პოპულარული ინგლისელი მუსიკოსის, Charli XCX-ის რიგით მე-6 ალბომია. ჩანაწერმა დიდი ბრიტანეთის, ავსტრალიისა და ირლანდიის ჩარტებში 1-ელი ადგილი დაიკავა. ნამუშევარი გრემის 9 ნომინაციასა და მერკურის პრიზზეც იყო წარდგენილი.
პარალელურად, ალბომის ქავერ არტი ინტერნეტსივრცეს ვირუსულად მოედო და ზაფხულის სეზონის ერთ-ერთი მთავარი ტრენდი გახდა. აშშ-ს დემოკრატიული პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატმა, კამალა ჰარისმა კი ჩარლის Brat ტრენდი საარჩევნო კამპანიისთვის გამოიყენა.




